ნატალია საბანაძე - ევროკავშირიც გამოწვევების წინაშე დგას, ამიტომ რაც ხდება, ჩვენზეც მოქმედებს
ნატალია საბანაძე - ევროკავშირიც გამოწვევების წინაშე დგას, ამიტომ  რაც ხდება, ჩვენზეც მოქმედებს

ევროკავშირიც დგას გამოწვევების წინაშე, ამიტომ ის, რაც ხდება, ჩვენზეც მოქმედებს,- ამის შესახებ ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს სრულუფლებიანმა ელჩმა, ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა, ნატალია საბანაძემ განაცხადა.

ნატალია საბანძემ 2018 წელი შეაჯამა და მომავლის გეგმებზე ისაუბრა.

„წლევანდელი წელი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ტრადიციულად ჩატარდა ასოცირების საბჭოს სხდომა და ევროკავშირთან დაკავშირებით, მომავალი გეგმები დაისახა. განსაკუთრებით მინდა გამოვყო ბრიუსელში ნოემბერში გამართული შეხვედრა, რომელსაც ევროკავშირის მხრიდან პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი და საქართველოდან პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ხელმძღვანელობდნენ. უპრეცედენტო შეხვედრა იყო. ეს იყო საქართველოს პოლიტიკური მხარდაჭერის სიგნალი და შინაარსობრივადაც ძალიან მნიშვნელოვანი. ჩემთვის პირადად ეს წელი ამ შეხვედრით დაგვირგვინდა. გამოწვევები ბევრია, ევროკავშირიც დგას გამოწვევების წინაშე. ამიტომ ის, რაც ხდება, ჩვენზეც მოქმედებს. წელს ევროკავშირის დღის წესრიგში გაფართოების თემატიკა დაბრუნდა. ეს ბალკანეთს ეხება, დაანონსებულია თარიღიც – 2025 წელი. აღნიშნული თემა ჩვენ არ გვეხება. მაგრამ გაფართოების არსებობა მნიშვნელოვანი სიგნალია, რომ ამ კუთხით მუშაობა უნდა გავაგრძელოთ. რაღაც მომენტში ალბათ საკითხი საქართველოს გაწევრიანებაზეც დადგება. მაგრამ ჯერ ეს თემა მომწიფებული არ არის”,- განაცხადა ნატალია საბანაძემ.

რაც შეეხება საქართველოს მხრიდან  წევრობაზე განაცხადის გაკეთებას, საბანაძის თქმით, საჭიროა შეირჩეს მომენტი, როდესაც უარის მიღების რისკი მინიმალური იქნება.

„ამას თავისი დრო ექნება. რაღაც მომენტში აუცილებლად გასაკეთებელი იქნება. ამისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მომენტი უნდა შევარჩიოთ. ეს ის მომენტი არ უნდა იყოს, რომ უარი მივიღოთ. უარის რისკი მინიმუმამდეა დასაყვანი“,-განაცხადა ნატალია საბანაძემ.

ბრიუსელში დღეს საქართველოს მთავრობისა და ევროკომისიის წევრების მონაწილეობით უმაღლესი დონის პირველი შეხვედრა იმართება. ფორმატი ითვალისწინებს სექტორული ხასიათის შეხვედრებს საქართველოს მთავრობის წევრებისა და ევროკომისრების მონაწილეობით.

ამასთან, ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე უკვე  შეხვდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკს.

დატოვე კომენტარი