ნატალი საბანაძე - „აღმოსავლეთ პარტნიორობამ“ მნიშვნელოვნად შეამცირა მანძილი პარტნიორებსა და ევროკავშირს შორის, რისი თვალსაჩინო მაგალითი საქართველოა
ნატალი საბანაძე - „აღმოსავლეთ პარტნიორობამ“ მნიშვნელოვნად შეამცირა მანძილი პარტნიორებსა და ევროკავშირს შორის, რისი თვალსაჩინო მაგალითი საქართველოა

„აღმოსავლეთ პარტნიორობამ“ მნიშვნელოვნად შეამცირა მანძილი პარტნიორებსა და ევროკავშირს შორის. თვალსაჩინო მაგალითი სწორედ საქართველოა, რომელიც ორიათასიანი წლების დასაწყისში მეზობლადაც კი არ განიხილებოდა, დღეს კი ის ასოცირებული პარტნიორია, რომელსაც ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და უვიზო მიმოსვლა აქვს და რომელიც პირველი ქვეყანაა, სადაც ევროკავშირის ფარგლებს გარეთ ევროპული სკოლა გაიხსნა, – ამის შესახებ ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს ელჩი და ევროკავშირში საქართველოს წარმომადგენელი ნატალი საბანაძე ევროპულ გამოცემაში EUObserver-ში გამოქვეყნებულ სტატიაში აცხადებს, სადაც ის იმ სარგებელსა და პოზიტიურ ცვლილებებზე საუბრობს, რომლებიც ამ პროგრამამ მასში გაერთიანებულ ქვეყნებს მოუტანა. სტატიის ქართულ თარგმანს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ელჩის თქმით, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ეგიდით, სამმა ქვეყანამ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი. პროგრამის მეშვეობით, ამ ქვეყნებს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის საშუალებაც მიეცათ. რეგიონში გაძლიერდა ევროკავშირთან პოლიტიკურ-ეკონომიკური, ინსტიტუციური და თუნდაც ემოციური კავშირები.

როგორც საბანაძე აღნიშნავს, პროგრამის წარმატების მიუხედავად, აღმოსავლეთ პარტნიორობის წინაშე დღეს უამრავი გამოწვევა დგას, რაც მის მომავალ პოლიტიკურ მიზნებსა და ხედვას უკავშირდება. ამასთან, რეგიონის ქვეყნებში კვლავ სამწუხარო რეალობად რჩება პოლიტიკური არასტაბილურობა, სიღარიბე და ტერიტორიული დავები. „ამგვარ პირობებში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ახალი პოლიტიკა მანძილის ნაცვლად, განსხვავებების დაძლევაზე უნდა იყოს ფოკუსირებული, ხოლო კავშირების დამყარების ნაცვლად, ისეთი საერთო სივრცის შექმნას უნდა ისახავდეს მიზნად, სადაც როგორც ევროკავშირის წევრი, ისე არაწევრი ქვეყნები სულ უფრო მეტად გაუთანაბრდებოდნენ ერთმანეთს“, – წერს საბანაძე.

ევროკავშირში საქართველოს წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ, აღნიშნულ კონტექსტში, აღმოსავლელი მეზობლებისთვის კარგ სცენარად და პერსპექტივად შესაძლოა ევროპის ეკონომიკური ზონის მსგავსი სტგრუქტურის – „ევროპის ეკონომიკური ზონა პლუსის შექმნა“ იქცეს. როგორც საბანაძე წერს, ეს იქნებოდა ასოცირების შემდგომი ნაბიჯი და ერთგვარი შუალედური ეტაპი ევროკავშირისა და მასში გაწევრიანების მსურველთა კიდევ უფრო დასაახლოებლად. „ამასთან, ეს ნაბიჯი ევროკავშირს არა მხოლოდ საერთო ბაზრის გაფრთოების, არამედ თავის საზღვრებზე სტაბილურობისა და უსაფრთხოების განმტკიცების შესაძლებლობასაც მისცემდა“, – წერს ნატალი საბანაძე.

დატოვე კომენტარი