ნარკოტიკების ინტერნეტით რეალიზაციის მცდელობის ბრალდებით ბათუმში პოლიციამ ერთი პირი დააკავა
ნარკოტიკების ინტერნეტით რეალიზაციის მცდელობის ბრალდებით ბათუმში პოლიციამ ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უბნის ინსპექტორების და დეტექტივების სამმართველოების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი, 1986 წელს დაბადებული კ.ჟ. ბათუმში დააკავეს.

მას ბრალი განსაკუთრებით დიდი და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასა და გასაღების მცდელობაში ედება. დანაშაულები 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„სამართალდამცველების მიერ ჩატარებული კომპლექსური საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დადგინდა, რომ დაკავებული ჩართული იყო ნარკოტიკების ინტერნეტით რეალიზაციის სქემაში. კერძოდ, კ.ჟ. ბათუმში, სხვადასხვა ადგილზე, სპეციალურად შერჩეულ სამალავებში ათავსებდა ნარკოტიკულ საშუალებებს და აღნიშნული სამალავების მისამართებს დისტანციურად ატყობინებდა პირს, ვინც შემდეგ ამ ნარკოტიკების რეალიზაციას ახდენდა.

გამოძიების ფარგლებში, პოლიციამ მოსამართლის განჩინების საფუძველზე განახორციელა ბრალდებულის დანაშაულებრივი ქმედებების ფარული ვიდეო-აუდიო ჩაწერა.

სამართალდამცველებმა ბათუმში, დაკავებულის მიერ მითითებული სამალავებიდან, სამ შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, ასევე, „სუბოქსინის“ ცხრა აბი და ნატეხები ნივთმტკიცებად ამოიღო“, – აცხადებენ შსს-ში.

პოლიციის მიერ ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას ამოღებულია ერთ შეკვრად დაფასოებული „ჰეროინი“.

„კ.ჟ.-ის დროებით საცხოვრებელ ბინაში ჩატარებული ჩხრეკისას კი ნივთმტკიცებად ამოღებულია: ნარკოტიკული საშუალება „მეტადონის“ შემცველი 21 აბი, 6 შეკვრა „ჰეროინის“ შემცველი ნარკოტიკი, „სუბოქსინის“ 17 აბი და ნატეხები, ერთჯერადი საინექციო შპრიცი „ჰეროინის“ შემცველი ხსნარით და ელექტროსასწორი, მის ზედაპირზე არსებული „ჰეროინის“ შემცველი ფხვნილით.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 19-260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 19-260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, – აცხადებენ შსს-ში.

დატოვე კომენტარი