„ნაპოლისა“ და „ფიორენტინას“ თამაშს დიეგო სიმეონე დაესწრო - ერთობლივი ფოტო აურელიო დე ლაურენტისმა გამოაქვეყნა #1TVSPORT
„ნაპოლისა“ და „ფიორენტინას“ თამაშს დიეგო სიმეონე დაესწრო - ერთობლივი ფოტო აურელიო დე ლაურენტისმა გამოაქვეყნა #1TVSPORT

„ნაპოლის“ პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა გუნდის მწვრთნელთან, ლუჩანო სპალეტისთან და დიეგო სიმეონესთან გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, რომელიც ნეაპოლის „სტადიო მარადონაზე“ „ფიორენტინასთან“ მატჩის შემდეგაა გადაღებული.

მადრიდის „ატლეტიკოს“ მწვრთნელის შვილი, ჯოვანი სიმეონე „ნაპოლის“ ფეხბურთელია და არგენტინელი მწვრთნელი „ფიორენტინასთან“ მატჩს ამის გამო დაესწრო.

„რა სასიამოვნოა სპალეტისთან და სიმეონესთან ერთად „სტადიო მარადონაზე“. ფორცა „ნაპოლი“, – დაწერა დე ლაურენტისმა „ტვიტერზე“ და მწვრთნელებთან გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა.

ამის გამო უკვე ჭორები აგორდა, რაზეც გამოცემა „არეანაპოლი“ წერს: „გულშემატკივარს იმედი აქვს, რომ სპალეტი „ნაპოლის“ სათადარიგოთა სკამზე კიდევ დიდხანს დარჩება, მაგრამ სოციალურ ქსელებში წერენ, რომ, ტოსკანელ მწვრთნელთან დამშვიდობების შემთხვევაში, მას დიეგო სიმეონე შეცვლის. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, რომ ის „ატლეტიკოში“ რა თანხასაც გამოიმუშავებს, „ნაპოლიში“ ასეთ პირობებს ვერ შესთავაზებენ, ეს თითქმის შეუძლებელია“.