„ნაპოლის“ სწრაფი მოთამაშეები უნდა შევზღუდოთ - „ატალანტას“ მწვრთნელს კვარაცხელიას განეიტრალება სურს #1TVSPORT
„ნაპოლის“ სწრაფი მოთამაშეები უნდა შევზღუდოთ - „ატალანტას“ მწვრთნელს კვარაცხელიას განეიტრალება სურს #1TVSPORT

„ატალანტას“ მთავარმა მწვრთნელმა ჯან პიერო გასპერინიმ, ლუჩანო სპალეტის „ნაპოლისთან“ დაპირისპირებამდე, პრესკონფერენცია გამართა და მეტოქეზე და მის ლიდერ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.

„სეზონის დაწყებამდე ძნელი იყო იმის პროგნოზირება, რომ ეს იქნებოდა მატჩი პირველ და მეორე ადგილზე მყოფ გუნდებს შორის. შეიძლება იმის თქმა, რომ დღეს სპალეტის გუნდი საუკეთესოდ თამაშობს. ფეხბურთი, რომელიც მათ ჩემპიონთა ლიგაზე აჩვენეს, უდავოდ დასაფასებელია. ურთულეს ჯგუფში, ძალიან ძლიერი გუნდების წინააღმდეგ, საუკეთესო შედეგი და თამაში აჩვენეს.

შაბათს ამ გუნდის წინააღმდეგ რაღაც ძლიერი და პოზიტიური უნდა გავაკეთოთ, რომ სასურველ შედეგს მივაღწიოთ. ხვალინდელი შედეგი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ მოვახერხებთ „ნაპოლის“ სწრაფი ფეხბურთელების განეიტრალებას.

როგორ აოცებს ხალხს „ნაპოლი“? თამაშის ხარისხით, გუნდის ერთსულოვანი ხასიათით, ასევე ახალი ჩამოსული ფეხბურთელებით. მათ გუნდს მეტი იმპულსი შეჰმატეს. რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას, ჩვენ უნდა დავაფასოთ კლუბი და მისი სპორტული დირექტორი კრისტიანო ჯუნტოლი. მათ იპოვნეს გამორჩეული მოთამაშე, რომელიც ახლა ლიგაში უმაღლესი დონის ფეხბურთს აჩვენებს.

ტაქტიკური თვალსაზრისით გვაქვს გეგმა, თავისუფალი სივრცე არ მივცეთ იმ ფეხბურთელებს, ვისაც დიდ სისწრაფეებზე თამაში შეუძლიათ“. – ამბობს „ატალანტას“ მწვრთნელი.

შეგახსენებთ, შაბათს, 5 ნოემბერს, სერია A-ს მე-13 ტურში, „ნაპოლი“ სტუმრად ბერგამოში „ატალანტას“ ეთამაშება. შეხვედრა თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.