„ნაპოლის“ რადიოს დირექტორმა კვარაცხელიაზე ისაუბრა - სტადიონზე, სადაც მარადონას უთამაშია, ის გულშემატკივრებს გააგიჟებს #1TVSPORT
„ნაპოლის“ რადიოს დირექტორმა კვარაცხელიაზე ისაუბრა - სტადიონზე, სადაც მარადონას უთამაშია, ის გულშემატკივრებს გააგიჟებს #1TVSPORT

ხვიჩა კვარაცხელია ბათუმის „დინამოს“ შემდეგ, ივლისამდე „ნაპოლიში“ ჩაირიცხება – ყაზანის „რუბინიდან“ წამოსული ქართველი ფეხბურთელის შესახებ ინფორმაციას იტალიური წყაროები ავრცელებენ.

„ფეხბურთელი „ნაპოლის“ უახლოვდება. კარგად ინფორმირებული ხალხის თქმით, კრიშტიანო ჯუნტოლის საბაზრო სიის სათავეში ლორენცო ინსინიეს შემცვლელად ქართველი შემტევი პირველია და გარიგება შეიძლება უახლოეს რამდენიმე კვირაში განხორციელდეს“, – წერს „არეა ნაპოლი“.

ქართველი მოთამაშის კანდიდატურის წინააღმდეგია „გაძეტა დელო სპორტის“ ჟურნალისტი ნიკოლა ბინდა, რომელმაც Speciale Calciomercato-ს გადაცემა SportItalia TV-ზე გამოსვლისას გუნდს საკუთარი კანდიდატი შესთავაზა.

„მე არ არ მესმის, რატომ გადაწყვიტა „ნაპოლიმ“ ბათუმის „დინამოდან“ ვიღაცის შეძენა?! შეიძლება კვარაცხელია ფენომენია და ჩემი ზოგიერთი სიტყვა ფაქტებს ეწინააღმდეგება, მაგრამ ამ მომენტში წარმოუდგენლად მიმაჩნია, რომ „ნაპოლი“ ფსონს ალესიო ზერბინზე („ნაპოლიმ“ სერია ბ-ს „ფროსინონეში“ ჯარით გაუშვა – რედ) არ დებს. ამ უკანასკნელმა შეიძლება 2026 წლის მუნდიალამდე მიგვიყვანოს“, – ამბობს ბინდა.

მას სტაჟიანმა ჟურნალისტმა, სატრანსფერო ბაზრის სპეციალისტმა, ალფრედო პედულიამ უპასუხა: 

„კვარაცხელია დიდი პერსპექტივის მქონე მოთამაშეა, რომელიც რუსეთის ჩემპიონატიდან, ყაზანის „რუბინიდან“ მოდის, ბათუმის „დინამოში“ კი უკრაინაში მიმდინარე ომის გამო ჩაირიცხა, რადგან რუსეთში გაჩერება აღარ შეეძლო“.

კვარაცხელიას ტრანსფერზე რადიო Goal-თან კომენტარი ასევე ჟურნალისტმა, ვალტერ დე მაჯიომ გააკეთა, რომ „ნაპოლი“ მზადაა ტრანსფერი განახორციელოს: 

„ეს ბიჭი, შესაძლოა, „ნაპოლიში“ პირველი ივლისიდან მოვიდეს. დარწმუნებული ვარ, „ნაპოლიმ“ არჩევანი დიდ ტალანტზე შეაჩერა და ეს ნამდვილად უდიდესი ტრანსფერი იქნება. ახალგაზრდა ფეხბურთელს გუნდი აუცილებლად დაიმატებს. კვარაცხელიას რამდენიმე ვიდეო ვნახე, ის წარმოუდგენელია, სწრაფია და გასაოცარი დრიბლინგი აქვს. კვარახცელია ერთ-ერთი იმ ფეხბურთელთაგანია, რომელსაც სტადიონზე, სადაც მარადონას უთამაშია, გულშემატკივრების გაგიჟება შეუძლია, ტრიბუნებს დამუხტავს“.

ეს განცხადება მნიშვნელოვანი იმ მარტივი მიზეზით არის, რომ დე მაჯიო „ნაპოლის“ ოფიციალური მაუწყებლის, რადიო Kiss Kiss Napoli-ის დირექტორი და კლუბის პრესსამსახურის თანამშრომელია.