„ნაპოლის“ პრეზიდენტის სენსაციური აღიარება - კვარაცხელია ჯუნტოლის არ მოუყვანია, მის ტრანსფერში 13 მილიონ ევროზე მეტი გადავიხადეთ #1TVSPORT
„ნაპოლის“ პრეზიდენტის სენსაციური აღიარება - კვარაცხელია ჯუნტოლის არ მოუყვანია, მის ტრანსფერში 13 მილიონ ევროზე მეტი გადავიხადეთ #1TVSPORT

„ნაპოლის“ პრეზიდენტი, აურელიო დე ლაურენტისი კასტელ ვოლტურნოში ჟურნალისტებს შეხვდა და ბევრს საინტერესო თემაზე ისაუბრა – რუდი გარსიას მომავალზე, ანტონიო კონტესთან მოლაპარაკებაზე და პირველად დაასახელა ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერში გადახდილი თანხა.

დე ლაურენტისმა ​„იუვენტუსის“ სპორტული დირექტორი, კრისტიანო ჯუნტოლიც გააკრიტიკა, რომელიც ამტკიცებდა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერი მისი დამსახურება იყო და თქვა, რომ ქართველი ფეხბურთელი ბათუმის „დინამოდან“ არა 10 მილიონ ევროდ, არამედ უფრო ძვირად – 13.3 მილიონად გადაიბირა.

„გავრცელდა ინფორმაცია, რომ მზად ვიყავი, გარსია გამეთავისუფლებინა და მის ნაცვლად კონტე მომეყვანა. რამდენიმე წლის წინ კონტესთან ერთად მალდივის კუნძულებზე ​ვისვენებდი, მისი ოჯახიც იქ იყო და მას შემდეგ ჩვენ კარგი ურთიერთობა შევინარჩუნეთ. დღემდე ვესაუბრები ვალტერ მაცარის, კარლო ანჩელოტის, რაფა ბენიტესს.

რა ინფორმაციებიც ვრცელდება, ბევრი რამ ჭორია, ცდილობენ, რომ ამჟამინდელი მწვრთნელი რუდი გარსია გაანადგურონ, ეს ძალიან მაღიზიანებს“.

დე ლაურენტისმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას კრისტიანო ჯუნტოლის შესახებაც ისაუბრა და ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერთან დაკავშირებით საინტერესო ამბავი გაიხსენა.

„ჩვენი კლუბის ყოფილი სპორტული დირექტორი, კრისტიანო ჯუნტოლი „იუვენტუსში” გაშვებას მთხოვდა. თავიდან გამიკვირდა, ვკითხე, შემთხვევით „იუვენტუსის“ ფანი ხომ არ გახდი-მეთქი. „იუვე“ ყოველთვის ჩვენს ნომერ პირველ სპორტულ მტრად მიგვაჩნდა, სპორტულ დირექტორს კი ეს უნდა ესმოდეს.

ჯუნტოლი ხშირად იხსენებს ისტორიას, როგორ აღმოაჩინა ხვიჩა კვარაცხელია. სინამდვილეში კი ხვიჩა მას არ აღმოუჩენია. კვარას შესახებ პირველად ჩემმა შვილმა მითხრა და ტრანსფერზე მუშაობა ჯუნტოლის მხოლოდ ამის შემდეგ დაევალა. ის დიდი პროფესიონალია, მან გუნდში ბევრი კარგი მოთამაშე მოიყვანა, მაგრამ ბევრჯერაც შემცდარა – ასეთია ცხოვრება.

კვარაცხელია ბათუმის „დინამოდან“ 13.3 მილიონ ევროდ ჩამოვიყვანეთ და ის სეზონის ყველაზე დიდი აღმოჩენა გახდა. ამ ბიჭმა იტალიის ჩემპიონობასა და ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში „ნაპოლის“ გასვლაში უდიდესი როლი ითამაშა, ის გუნდის განუყოფელი ნაწილი გახდა“, – ამბობს „ნაპოლის“ პრეზიდენტი.