„ნაპოლის“ პრეზიდენტი - კვარაცხელიასთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მალე ვისაუბრებთ #1TVSPORT
„ნაპოლის“ პრეზიდენტი - კვარაცხელიასთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მალე ვისაუბრებთ #1TVSPORT

„ნაპოლის“ პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა ცნობილ ჟურნალისტთან, ფაბრიციო რომანოსთან კომენტარი გააკეთა ხვიჩა კვარაცხელიას მომავალზე და მისი მენეჯერის, მამუკა ჯუღელის განცხადებას გამოეხმაურა.

„კვარაცხელიას აგენტმა თქვა, რომ ის „ნაპოლის“ დატოვებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მიიღებს შემოთავაზებას, რომელზეც უარის თქმა არ შეიძლება? შეთავაზებისთვის, რომელზეც უარის თქმა არ შეიძლება, ჩემთან უნდა მოვიდეს და არა – მასთან. მინდა, გავახანგრძლივო კონტრაქტი. ის ჯენტლმენი ყოფილა, ახალ კონტრაქტზე მალე ვისაუბრებთ“, – აქვეყნებს „ნაპოლის” პრეზიდენტ დე ლაურენტისის სიტყვებს ფაბრიციო რომანო.

ხვიჩა კვარაცხელია იტალიურ გუნდში 2022 წლიდან თამაშობს და პირველივე სეზონში გატანილი 12 გოლით და 10 პასით დასახელდა სერია A-ს საუკეთესო მოთამაშედ, საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად და ასისტენტად, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე – სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშედ.

ამის მიუხედავად, ქართველი თავდამსხმელი „ნაპოლიში“ ერთ-ერთი ყველაზე დაბალანაზღაურებადი მოთამაშეა – ხვიჩა 1,2 მილიონ ევროს იღებს და ამ მაჩვენებლით სერია A-ს საუკეთესო მოთამაშე საკუთარ გუნდში მხოლოდ მე-17 ადგილზეა.