„ნაპოლის“ პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ხვიჩა კვარაცხელიას აგენტს შეხვდა #1TVSPORT
„ნაპოლის“ პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ხვიჩა კვარაცხელიას აგენტს შეხვდა #1TVSPORT

„ნაპოლის“ პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა ჩემპიონთა ლიგაზე „მილანთან“ მატჩის წინა დღეს ხვიჩა კვარაცხელიას აგენტთან, მამუკა ჯუღელთან ერთად ისადილა, – ინფორმაციას „არეა ნაპოლი“ ავრცელებს.

„„თითქმის წამიერად, კვარაცხელია „ნაპოლის“ გამორჩეული მოთამაშე გახდა. სეზონის წინ არავის სჯეროდა მისი თვისებების. სკეპტიკოსები ყოველგვარი ლოგიკის გარეშე საუბრობდნენ, აკრიტიკებდნენ „ნაპოლის“ მენეჯმენტს, რომელიც რამდენიმე წელია, შესანიშნავად და წინდახედულად მუშაობს.

ხვიჩამ აჩვენა, რომ არ აქვს მნიშვნელობა იტალიის ჩემპიონატზე დაბალი ლიგაში თუ თამაშობდი, მთავარი კლასია, ქართველს კი მაღალი კლასი აქვს. „ნაპოლიში“ გატარებულ ხანმოკლე პერიოდში ხვიჩამ კლუბი დააახლოვა ოცნებას, მოიპოვოს იტალიის ჩემპიონობა, რომელზეც ნეაპოლში 33 წელია, ოცნებობენ.

ახლა კი აურელიო დე ლაურენტისს მისი გუნდში დატოვება სურს. „ნაპოლი“-„მილანის“ მატჩის წინა დღეს ნეაპოლელთა პრეზიდენტმა ქართველის აგენტთან, მამუკა ჯუღელთან ერთად ისადილა. რა თქმა უნდა, კონტრაქტის გახანგრძლივების საკითხიც განიხილეს. თითქმის დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მომავალ სეზონში ხვიჩა „ნაპოლიში“ ითამაშებს“, – ამტკიცებს „არეა ნაპოლი“ და ჯუღელისა და დე ლაურენტისის ფოტოს აქვეყნებს.