„ნაპოლის“ ხელმძღვანელობა იმედოვნებს, რომ კვარაცხელია მოედანს 21 დეკემბერს დაუბრუნდება #1TVSPORT
„ნაპოლის“ ხელმძღვანელობა იმედოვნებს, რომ კვარაცხელია მოედანს 21 დეკემბერს დაუბრუნდება #1TVSPORT

ხვიჩა კვარაცხელია, შესაძლოა, მოედანს ახალ წლამდე დაუბრუნდეს და „ნაპოლის“ დასკვნით მატჩებში დაეხმაროს – ინფორმაციას იტალიური გამოცემები ავრცელებენ. „ნაპოლი“ 21 დეკემბერს სტუმრად „ჯენოას“ შეხვდება, ხოლო 29-ში შინ „ვენეციას“ უმასპინძლებს. მოსალოდნელია, რომ ამ მატჩებში ქართველი თავდამსხმელიც ითამაშებს.

„კვარაცხელიას დაბრუნება მწვრთნელებისთვის აქტუალური თემაა. ქართველმა „ლაციოსთან“ მატჩში მარჯვენა მუხლი დაიზიანა. მიუხედავად იმისა, რომ დავიდ ნერეშმა „უდინეზესთან“ შესანიშნავად ითამაშა, ხვიჩას დაბრუნება ნეაპოლელებისთვის პრიორიტეტულია.

კვარაცხელია ყველა ღონეს მიმართავს, რომ 21 დეკემბერს „ჯენოასთან“ სათამაშოდ მზად იყოს. ქართველ გარემარბს სურს, ითამაშოს არა მხოლოდ იმიტომ, რომ ეს გუნდს სჭირდება, არამედ იმისთვისაც, რომ „უდინეზესთან“ ნერეშის ბრწყინვალე თამაშის შემდეგ გუნდში თავისი პოზიცია განიმტკიცოს“, – წერს გამოცემა Corriere dello Sport-ი.

გამოცემა consiglifantacalcio გუნდის შეტევაში არსებულ კონკურენციას შეეხო: „უახლოეს პერიოდში ვარჯიშებზე და თამაშებზე, შესაძლოა, ძირითად შემადგენლობაში მოსახვედრად ნერეშს, კვარასა და პოლიტანოს შორის ნამდვილი ბრძოლა გაჩაღდეს. ნერეში სათადარიგო მოთამაშის როლს დიდხანს ვერ შეეგუება, რის გამოც, არ არის გამორიცხული, კვარაცხელიამ ან პოლიტანომ სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლონ“.