„ნაპოლის“ ფანები „ინტერთან“ გასვლით მატჩს ვერ დაესწრებიან
„ნაპოლის“ ფანები „ინტერთან“ გასვლით მატჩს ვერ დაესწრებიან

ქალაქ მილანის მთავრობამ „ინტერს“ „ნაპოლის“ გულშემატკივრებისთვის ბილეთების მიყიდვა აუკრძალა. ლაპარაკია იტალიის თასის ნახევარფინალის მილანურ მატჩზე. ნეაპოლელთათვის ბილეთების მიყიდვაზე უარი უსაფრთხოებიდან გამომდინარე თქვეს. ამის შესახებ „ინტერის“ ოფიციალურ განცხადებაში წერია.

თამაშს ის ნეაპოლელი ფანებიც ვერ დაესწრებიან, რომლებსაც გულშემატკივრის პასპორტი აქვთ. „ნაპოლიმ“ დაიწყო კომპენსაციის გადახდა მათთვის, ვინც უკვე შეიძინა ბილეთები.

მილანის მერიაში სერიოზულ შეშფოთებას გამოთქვამენ ამ მატჩის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით 2018 წლის დეკემბრის ინციდენტის შემდეგ, როცა ორი გუნდის „ულტრასები“ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. მაშინ „ინტერის” გულშემატკივრები ჩაუსაფრდნენ მეტოქის ფანებს, რის შედეგადაც, მილანელთა ერთ-ერთი ფანი მანქანამ გაიტანა, რომლის საჭესთან „ნაპოლის“ გულშემატკივარი იჯდა.

იტალიის თასის ნახევარფინალის პირველი მატჩი მილანში 12 თებერვალს გაიმართება.