„ნაპოლიმ“ „უდინეზესთან“ ლორენცო ლუკას ტრანსფერის თაობაზე შეთანხმებას მიაღწია #1TVSPORT
ლორენცო ლუკა კარიერას „ნაპოლიში“ გააგრძელებს. 23 წლის ფორვარდი გუნდს „უდინეზედან“ შეუერთდა და მომავალ სეზონებში რომელუ ლუკაკუს კონკურენციას გაუწევს.
შეთანხმების მიხედვით, ლუკა ნეაპოლურ კლუბში იჯარის წესით გადავიდა, თუმცა კონტრაქტში გათვალისწინებულია მისი სავალდებულო გამოსყიდვა. შესაბამისად, ფეხბურთელმა „ნაპოლისთან“ ხელშეკრულება 2030 წლის ზაფხულამდე გააფორმა, ტრანსფერის ჯამური ღირებულება კი 35 მილიონ ევროს შეადგენს.
ლორენცო ლუკა „უდინეზეს“ რიგებში 2023 წლიდან ირიცხებოდა. ამ დროის განმავლობაშიც 75 შეხვედრაში 23 გოლის გატანა მოახერხა. მანამდე იტალიელმა თავდამსხმელმა ითამაშა „ვიჩენცაში“, „პალერმოში“, „პიზასა“ და ამსტერდამის „აიაქსში“.