„ნაპოლიმ“ ოსიმენის დუბლით ვერ ისარგებლა და „ბოლონიასთან“ შეხვედრაში მხოლოდ ქულას დასჯერდა #1TVSPORT
„ნაპოლიმ“ ოსიმენის დუბლით ვერ ისარგებლა და „ბოლონიასთან“ შეხვედრაში მხოლოდ ქულას დასჯერდა #1TVSPORT

ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ იტალიის ჩემპიონატის ბოლოსწინა ტურში „ბოლონიას“ ესტუმრა და გამარჯვება ხელიდან გაუშვა – 2:2.

სერია A-ს 37-ე ტურის მატჩში ლუჩანო სპალეტიმ ხვიჩა კვარაცხელია არ დაასვენა და ქართველი თავდამსხმელი ძირითად შემადგენლობაში ვიხილეთ.

მატჩის მე-14 წუთზე „ბოლონიას“ მეკარემ, ლუკაშ სკორუპსკიმ ბურთის ამოტანისას შეცდომა დაუშვა, რითიც ნიგერიელმა ვიქტორ ოსიმენმა ისარგებლა და „ნაპოლი“ დააწინაურა – 1:0. ამის შემდეგ საგოლე შანსი ორივე გუნდს ჰქონდა. „ნაპოლის“ მხრიდან გატანა ზამბო ანგისასა და ოსიმენს შეეძლოთ, თუმცა მათი მცდელობები უშედეგო აღმოჩნდა.

გათამაშების საუკეთესო ბომბარდირობისთვის მებრძოლმა ნიგერიელმა დუბლის შესრულება მაინც მოახერხა. 54-ე წუთზე ბართოშ ბერეჟინსკიმ ოსიმენი დასარტყმელ პოზიციაზე დატოვა და მანაც ეს შანსი გოლად გარდასახა – 2:0. ეს ოსიმენისთვის 25-ე გოლი იყო სერია A-ს მიმდინარე სეზონში.

თავის გამოჩენას ხვიჩა კვარაცხელიაც შეეცადა, მაგრამ მისი დარტყმული 59-ე წუთზე კარს აცდა. ქართველი, ოსიმენთან ერთად, ლუჩანო სპალეტიმ 66-ე წუთზე შეცვალა.

63-ე წუთზე „ბოლონიას“ ნახევარმცველმა, ლევის ფერგიუსონმა სხვაობა შეამცირა და შეხვედრას ინტრიგა დაუბრუნა, 84-ე წუთზე კი ლორენცო დე სილვესტრიმ წონასწორობა აღადგინა – 2:2.

„ნაპოლის“, რომელიც უკვე იტალიის ჩემპიონია, 87 ქულა აქვს და მეორე ადგილზე მყოფ მილანის „ინტერს“ (69) 18 ქულით ასწრებს.