„ნაპოლიმ“ ბათუმის „დინამოს“ კვარაცხელიას თამაში აუკრძალა #1TVSPORT
„ნაპოლიმ“ ბათუმის „დინამოს“ კვარაცხელიას თამაში აუკრძალა #1TVSPORT

საფეხბურთო აგენტმა დიმიტრი სელიუკმა გამოცემა „სპორტ დეისთან“ ინტერვიუში რუსეთიდან ლეგიონერების წასვლაზე ისაუბრა და ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ საინტერესო განცხადებები გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო, 2022 წლის გაზაფხულზე ფიფა-მ უცხოელ ფეხბურთელებსა და მწვრთნელებს უფლება მისცა, ცალმხრივად შეეჩერებინათ კონტრაქტები რუსულ კლუბებთან 2022 წლის 30 ივნისამდე. 21 ივნისს, ეს შესაძლებლობა კიდევ ერთი წლით გაგრძელდა. ამ უფლებით ბევრმა მოთამაშემ ისარგებლა.

„ფიფა-ს გადაწყვეტილება არაფერზე არ მოქმედებს. კვარაცხელიების ოჯახზე საქართელოში ზეწოლა მაშინ დაიწყო, როცა ჰორიზონტზე „ნაპოლი“ გამოჩნდა. კითხვა იბადება, რატომ არ ხდება გრიგალავაზე ზეწოლა? რადგან ის „ხიმკიში“ თამაშობს და არანაირი პრობლემა არ არის. სხვა გუნდებში სხვა ქართველებიც თამაშობენ და მათზე ზეწოლა არ იქნება“, – ციტირებს სელიუკს „სპორტ დეი“.

ცნობილია, რომ კვარაცხელია საქართველოში აღარ თამაშობს. გამოცემა „სპორტ-ექსპრესი“ საინტერესო ვერსიას ავრცელებს:

 „ბათუმურმა კლუბმა მიიღო წერილი „ნაპოლისგან“ (რომელთანაც ხვიჩამ კონტრაქტი აპრილში გააფორმა) და გუნდში ხვიჩას შემდგომი თამაში აუკრძალა. სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში კვარაცხელია იტალიაში გაფრინდება და „ნაპოლის“ შემადგენლობაში სეზონისთვის მზადებას დაიწყებს, საქართველოს ჩემპიონი კი ხვიჩას ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში ვერ გამოიყენებს“.

კვარაცხელია 2019-2022 წლებში „რუბინში“ თამაშობდა, გაზაფხულზე ბათუმის „დინამოში“ გადავიდა და რუსულ კლუბთან კონტრაქტის შეჩერების უფლებით ისარგებლა. ყაზანური კლუბი ფეხბურთელის „ნაპოლიში“ გადასვლით ვერაფერს მიიღებს.

დატოვე კომენტარი