„ნაპოლი“ „სტადიო მარადონაზე“ ისევ დამარცხდა #1TVSPORT
„ნაპოლი“ „სტადიო მარადონაზე“ ისევ დამარცხდა #1TVSPORT

ხვიჩა კვარაცხელიამ სეზონის წინ მორიგი საკონტროლო მატჩი ჩაატარა „ნაპოლიში“, რომელმაც სეზონის განახლებამდე ფრანგულ „ლილთან“ ითამაშა და დიდი ანგარიშით დამარცხდა – 1:4.

„ვილიარეალთან“ „ნაპოლიმ“ სამი დღის წინ 2:3 წააგო. ამჯერად კი „სტადიო მარადონაზე“ გამართულ მატჩში ლუჩანო სპალეტის გუნდი პირველივე წუთებიდან აქტიურად უტევდა, მაგრამ პაულუ ფონსეკას „ლილთან“ ვერაფერს გახდა.

ანგარიში მე-18 წუთზე ფრანგებმა ბაფოდე დიაკიტეს გოლით გახსნეს. კვარაცხელია აქტიური იყო და 84 წუთი ითამაშა. ხვიჩას ანგარიშის გათანაბრება 43-ე წუთზე შეეძლო, მაგრამ მცველი გადაეფარა და ფრანგები გადაარჩინა. 45+1-ე წუთზე კი ქართველმა თავდმასხმელმა ვიკტორ ოსიმენის გადაცემით ვერ ისარგებლა.

ხვიჩა მეორე ნახევარშიც აქტიური იყო, მაგრამ გოლის გატანა და საგოლე გადაცემის შესრულება ვერ მოახერხა. 52-ე წუთზე ანგარიშის გათანაბრება საჯარიმო დარტყმით სცადა, მაგრამ მიზანს ააცილა, „ლილმა“ კი ძალიან კარგი ტაიმი ჩაატარა და კიდევ სამი გოლი გაიტანა. 63-ე წუთზე მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე კანადელმა ჯონათან დავიდმა მცველის შეცდომით ისარგებლა და „ლილის“ უპირატესობა ორამდე გაზარდა. 77-ე წუთზე „ნაპოლის“ მესამე გოლი ადამ უნასმა გაუტანა, ხოლო 82-ე წუთზე თავი ჯონათან ბამბამ გამოიჩინა. საბოლოო ანგარიში კი 90+3-ე წუთზე ჯაკომო რასპრადორიმ დააფიქსირა 1:4.

„ნაპოლი“ სეზონს 4 იანვარს განაახლებს და სერია ა-ს მე-16 ტურში „ინტერს“ დაუპირისპირდება. 15 ტურის შემდეგ ლუჩანო სპალეტის გუნდი 41 ქულით ჩემპიონატის ლიდერია და „მილანს“ 8 ქულით ასწრებს.