„ნაპოლი“ – „კრემონეზე“ ქართველების გარეშე – კვარაცხელია დაისვენებს, ლოჩოშვილი გუნდს არ გაჰყვა #1TVSPORT
Napoli's Khvicha Kvaratskhelia celebrates after scoring 2-0 during the Serie A soccer match between SSC Napoli and Juventus FC at the Diego Armando Maradona stadium in Naples, Italy, Friday, Jan. 13, 2023. (Alessandro Garofalo/LaPresse via AP)
იტალიის თასის 1/8-ფინალური დაპირისპირება „ნაპოლი“-„კრემონეზე“, სავარაუდოდ, ქართველების გარეშე ჩაივლის. იტალიური გამოცემების მტკიცებით, ხვიჩა კვარაცხელია ნეაპოლელებს არ დაეხმარება, სტუმართა სავარაუდო შემადგენლობაში კი ლუკა ლოჩოშვილი არ ფიგურირებს.
„დღეს საღამოს „ნაპოლი“ „კრემონეზეს“ დაუპირისპირდება. ლუჩანო სპალეტი სათადარიგოთა სკამზე დატოვებს ხვიჩა კვარაცხელიას და ვიქტორ ოსიმენს, მათ ნაცვლად კი მოედანზე ჯაკომო რასპადორი და ჯოვანი სიმეონე გამოვლენ. კვარაცხელია დღეს (დიდი ალბათობით) იმიტომ დაისვენებს, რომ შაბათს „სალერნიტანასთან“ მზად იყოს. კალენდარი გადატვირთულია, „ნაპოლის“ კი თამაშები ხშირად მოუწევს – იტალიის თასზე, ჩემპიონატში, შემდეგ – ჩემპიონთა ლიგაზე“, – წერს გამოცემა Corriere dello Sport-ი.
რაც შეეხება „კრემონეზეს“, გუნდს ახალი მწვრთნელი ჰყავს – დავიდე ბალარდინი, რომელიც 15 იანვარს დაინიშნა მასიმილიანო ალვინის შემცვლელად. მისი ხელმძღვანელობით გუნდს სერია A-ს 18 ტურში ერთი მატჩიც არ მოუგია.
„კრემონეზე“ „სტადიო მარადონაზე“ მხოლოდ 20 ფეხბურთელით გაემგზავრა. გუნდს არ გაჰყვნენ სირილ დესერსი, ლუკა ლოჩოშვილი და ვლად კირიკეში. იტალიის თასზე „ნაპოლი“ – „კრემონეზეს“ დაპირისპირება „სტადიო მარადონაზე“ 00:00 საათზე დაიწყება. „სალერნიტანას“ კი „ნაპოლი“ სერია A-ს მე-19 ტურში 21 იანვარს გასვლაზე ეთამაშება.