„ნაპოლი“ იტალიის პირველი წრის ჩემპიონია - კვარაცხელიას გარეშე სპალეტის გუნდმა „სალერნიტანა“ დაამარცხა #1TVSPORT
„ნაპოლი“ იტალიის პირველი წრის ჩემპიონია - კვარაცხელიას გარეშე სპალეტის გუნდმა „სალერნიტანა“ დაამარცხა #1TVSPORT

„ნაპოლიმ“ იტალიის სერია A-ში „სალერნიტანასთან“ პირველი წრის ბოლო ტურის მატჩი ხვიჩა კვარაცხელიას გარეშე გამართა და დამაჯერებლად გაიმარჯვა – 2:0.

საქართველოს ნაკრების თავადმსხმელს სერიოზული არაფერი სჭირს, გაციებულია, მაგრამ ნეაპოლელების მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩანო სპალეტიმ, ექიმების რეკომენდაციით, პირველი წრის ბოლო მატჩში, რომელიც „ნაპოლიმ“ გასვლაზე ჩაატარა, ქართველი შემტევი დაასვენა.

ნეაპოლელებმა მასპინძელთა კარი 35-ე წუთზე აიღეს, მაგრამ ვიქტორ ოსიმენს ვიდეორეფერიმ თამაშგარე მდგომარეობა დაუფიქსირა და შესანიშნავი გოლი არ ჩაუთვალეს. თუმცა, 45+2-ე წუთზე ზამბო ანგისას გადაცემის შემდეგ, ჯოვანი დი ლორენცომ „სალერნიტანას“ გაუტანა და „ნაპოლიმ“ ტაიმი 1:0 მოიგო.

ოსიმენმა თავისი მაინც გაიტანა. 47-ე წუთზე ელიფ ელმასის დარტყმის შემდეგ ბურთი ძელს მოხვდა, ნიგერიელმა თავდამხმელმა კი დამატებაზე ზუსტად დაარტყა და მიმდინარე სეზონში ანგარიშზე მე-13 გოლი ჩაიწერა. საბოლოოდ, ანგარიში აღარ შეცვლილა – 2:0.

იტალიის სერია A-ში გამართული 19 მატჩის შემდეგ „ნაპოლიმ“ 50 ქულა დააგროვა, რაც კლუბის ისტორიაში პირველ წრეში ნაჩვენები საუკეთესო შედეგია.