„ნაპოლი“ იანვარში „რომას“ კაპიტნის გაფორმებას გეგმავს #1TVSPORT
„ნაპოლი“ იანვარში „რომას“ კაპიტნის გაფორმებას გეგმავს #1TVSPORT

იტალიაში რამდენიმე წყარო ამტკიცებს, რომ „ნაპოლი“ აპირებს იანვრის სატრანსფერო ფანჯრისას „რომას“ კაპიტანი ლორენცო პელეგრინი შეიძინოს.

Gazzetta dello Sport, Repubblica და Sky Sport Italia იტყობინებიან, რომ იტალიის ნაკრების ნახევარმცველი „ნაპოლის“ მთავარი მწვრთნელის ანტონიო კონტეს ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა.

2024-25 წლების სეზონი პელეგრინისთვის, ჯერჯერობით, წარუმატებელია. ჯერ ის ზოგიერთმა გულშემატკივარმა იმაში დაადანაშაულა, რომ მან ხელი შეუწყო მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დანიელე დე როსის გაშვებას, ხოლო ამჟამინდელი მწვრთნელის კლაუდიო რანიერის ხელმძღვანელობით საერთოდ დაკარგა ადგილი სასტარტო შემადგენლობაში.

28 წლის ფეხბურთელმა ყველა ტურნირში 18 მატჩში ერთი გოლი გაიტანა და ორი შედეგიანი გადაცემა შეასრულა. სერია A-ში ბოლო ოთხი მატჩიდან სამში ის სათადარიგოთა სკამზე დარჩა.

პელეგრინის კონტრაქტი „რომასთან“ 2026 წლის ზაფხულში იწურება.