„ნაპოლი“ გატუზოს გაშვებას გეგმავს - ბენიტესი, შესაძლოა, ყოფილ გუნდში დაბრუნდეს
ჯენარო გატუზოს მომავალი „ნაპოლიში“, ჯერჯერობით ბუნდოვანია. იტალიელი სპეციალისტი, შესაძლოა, გუნდის ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა რაფა ბენიტესმა შეცვალოს, – იუწყება La Stampa.
წყაროს ცნობით, „ვერონასთან“ 1:3 მარცხის შემდგომ, კლუბის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა სპორტულ დირექტორთან შეხვედრა მოითხოვა. საუბრის ერთ-ერთ მთავარ თემად კი მწვრთნელის პოსტის საკითხი სახელდება. შეგახსენებთ, რომ გატუზოს ხელმძღვანელობაში ნეაპოლელები, ბოლო დროს არც თუ ისე კარგად გამოიყურებიან. ამას ემატება ისიც, რომ ცოტა ხნის წინ „ნაპოლი“ იტალიის სუპერთასზე „იუვენტუსთან“ დამარცხდა.
გუნდი სერია A-ში 34 ქულით მეექვსე ადგილზე იმყოფება, იტალიის თასზე და ევროპალიგაზე კი შესაბამისად, მეოთხედფინალში და 1/32-ფინალში იმყოფებიან.
რაც შეეხება ბენიტესს, ესპანელი ამ ეტაპზე უგუნდოდაა დარჩენილი. ის ცოტა ხნის წინ ჩინური „დალიანიდან“ წამოვიდა და წყაროს მიხედვით, გატუზოს შეცვლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია.
რაფაელ ბენიტესი „ნაპოლის“ 2013-2015 წლებში თავკაცობდა.