ნაომი ოსაკამ ცინცინატის ტურნირის ფინალი არ ითამაშა - ჩემპიონი ვიქტორია აზარენკა გახდა
ნაომი ოსაკამ ცინცინატის ტურნირის ფინალი არ ითამაშა - ჩემპიონი ვიქტორია აზარენკა გახდა

ცინცინატის ქალთა ტურნირზე ფინალი არ გაიმართა. გადამწყვეტი მატჩის თამაშზე უარი განაცხადა იაპონელმა ნაომი ოსაკამ, რის მიზეზადაც მან ტრავმა დაასახელა.

„სამწუხაროა, რომ ტრავმის გამო მიწევს ფინალზე უარის თქმა. ნახევარფინალში მეორე სეტის ტაი-ბრეიკის დროს, მუხლი დავიზიანე. ერთ ღამეში ტკივილი არ გაქრა და დასვენება გადავწყვიტე. ეს ემოციური კვირა იყო და მინდა ყველას მხარდაჭერისთვის მადლობა გადავუხადო“, – მოჰყავს ოსაკას სიტყვები ტურნირის ოფიციალურ „ტვიტერს“.

ასე რომ, უბრძოლველად ტურნირის ჩემპიონი ბელარუსი ვიქტორია აზარენკა გახდა, რომლისთვისაც ეს პირველი ტიტულია 2016 წლის შემდეგ. ფინალამდე მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა ორ სეტში მოუგო დონა ვეკიჩს, კაროლინ გარსიასა და ალიზ კორნეს, მეოთხედფინალსა და ნახევარფინალში კი პირველი სეტის წაგების შემდეგ დაამარცხა ონს ჟაბორი და იოჰანა კონტა.

ტურნირის მოგებისთვის აზარენკამ მიიღო 900 სარეიტინგო ქულა და 285 ათასი დოლარი. რეიტინგში ის TOP30-ში შეაღწევს და თითქმის გარანტირებული ექნება განთესვის ნომერი როლან გაროსზე.