ნაომი ოსაკა მწვრთნელს გამოეთხოვა
ნაომი ოსაკა მწვრთნელს გამოეთხოვა

მსოფლიოს პირველი ჩოგანი, იაპონელი ნაომი ოსაკა, გამოეთხოვა მწვრთნელს, რომლის წყალობით დიდი სლემის ორი ტურნირის გამარჯვებული გახდა და ქალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (WTA) კლასიფიკაციას ჩაუდგა სათავეში.

21 წლის ოსაკამ საკუთარ ტვიტერის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ შეწყვიტა თანამშრომლობა სერბ მწვრთნელ საშა ბაინთან. იაპონელს ამ გადაწყვეტილების მიზეზები არ დაუსახელებია.

ბაინის ხელმძღვანელობით, ოსაკა 2018 წლის იანვრიდან ვარჯიშობდა და მასთან ერთად ამავე წლის აშშ-ის ღია პირველობა, ასევე მიმდინარე სეზონში ავსტრალიის ღია პირველობა მოიგო.

ცოტა ხნის წინ, მსოფლიოს პირველი ნომერი გამოეხმაურა მუდმივ შედარებებს ამერიკელ სერენა უილიამსთან.

„სერენასა და ვინუსს შორის არჩევანისას, მე პირველი ვარიანტისკენ ვიხრები. კარგი ურთიერთობა მაქვს ვინუსთან, მაგრამ ჩემთვის სერენა ყოველთვის იყო პირველი ნომერი. ჩემი დაც ჩოგბურთელია და ყოველთვის, როცა ერთად გვხედავენ, აუცილებლად გვეკითხებიან: „თქვენ შეცვლით მომავალში სერენასა და ვინუსს?“

მინდა, სერენას ვგავდე, მაგრამ ახლა მესმის, რომ ვერ გავხდები მისნაირი. ორივე უილიამსი ამ სპორტის ლეგენდაა და მეეჭვება, მათთან ვინმეს შედარება შეიძლებოდეს. უბრალოდ, ვცდილობ ვაჩვენო ჩემი საუკეთესო ჩოგბურთი“, – მოჰყავს ოსაკას სიტყვები ტენის ვორლდ იუ-ეს-ეის (Tennis World USA).