ნაომი ოსაკა აშშ-ის ღიას ორგზის ჩემპიონია (ვიდეო)
ნაომი ოსაკა აშშ-ის ღიას ორგზის ჩემპიონია (ვიდეო)

იაპონელმა ნაომი ოსაკამ ამერიკის ღია პირველობის ფინალში სამ სეტში დაამარცხა ვიქტორია აზარენკა და „დიდი სლემის“ ტურნირებზე მესამე გამარჯვებას მიაღწია: 2018 წელს მან მოიგო აშშ-ში, 2019 წელს ავსტრალიაში. ახლა კი ისევ იყო ტრიუმფი ნიუ იორკის „ფლეშინგ მედოუს” კორტებზე.

პირველი სეტი მთლიანად აზარენკას კარნახით მიდიოდა. ბელარუსი ძალიან მაღალ ტემპში თამაშობდა, აგრესიულად მოქმედებდა, ძლიერ დარტყმებს ასრულებდა და დამაჯერებლად მიჰყავდა თამაში. ოსაკა კი დაბნეული ჩანდა და არ იცოდა, რა უნდა მოემოქმედებინა მეტოქის წინააღმდეგ. შედეგად, აზარენკამ სამი ბრეიკი შეასრულა და ნახევარ საათზე ნაკლებ დროში აიღო პირველი სეტი – 6:1.

მეორე სეტის დასაწყისში ბელარუსმა სტარტზევე შესრულა ბრეიკი და 2:0 დაწინაურდა, რითაც ფინალი ყველას დასრულებული ეგონა. მატჩის პირველ ცხრა გეიმში ოსაკას ხუთი „ვინერსი“ და 16 უნებლიე შეცდომა ჰქონდა, აზარენკას – 15 „ვინერსი“ და მხოლოდ ოთხი შეცდომა.

6:1, 2:0-ზე აზარენკა აწვდიდა და 40:30-ს იგებდა. ოსაკას მიერ მომდევნო სამი ქულის აღებამ შემოატრიალა ფინალის მიმდინარეობა იაპონელის სასარგებლოდ.

ნაომიმ იზრუნა უკუბრეიკის შესრულებაზე და მატჩში პირველივე ბრეიკ-პოინტი გამოიყენა, რამაც მას სრული უპირატესობა მოუტანა – 2:3-ზე იაპონელმა ზედიზედ ოთხი გეიმი აიღო და სეტებში ანგარიში გაათანაბრა – 6:3.

მესამე სეტის დასაწყისში ინიციატივა უკვე ოსაკას ხელში იყო. მან 4:1 დაწინაურება შეძლო და მომდევნო გეიმში ოთხი ბრეიკ-პოინტი გამოიმუშავა, თუმცა აზარენკამ ჯერ თავისი მოწოდება გადაარჩინა, შემდეგ კი საპასუხო ბრეიკი შეასრულა – 3:4. მაგრამ ნაომი არ დაიბნა და შეძლო ბოლო ორი გეიმის მოგება – 1:3, 6:3, 6:3.

ასე რომ 22 წლის იაპონელი აშშ-ის ღია პირველობის ორგზის ჩემპიონია, სულ კი „დიდი სლემის“ ტურნირებზე სამჯერ გაუმარჯვია (სამი ფინალიდან). ორშაბათიდან ის ექვსი საფეხურით მაღლა აიწევს რეიტინგში და მესამე ჩოგანი გახდება.

აზარენკასთვის ეს იყო მესამე ფინალი აშშ-ის ღიაზე და მესამე მარცხი. მას კარიერაში ორი ტიტული აქვს მოგებული ავსტრალიის ღიაზე. ტურნირის შემდეგ, ბელარუსი მსოფლიოს მე-14 ჩოგანი გახდება.