ნანატრი გოლი - გავაშელიშვილი დაბრუნდა და გაიტანა
ნანატრი გოლი - გავაშელიშვილი დაბრუნდა და გაიტანა

მამია გავაშელიშვილი ფეხბურთს ლამის ერთწლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა და ეროვნული ლიგის მე-5 ტურში ბათუმის „დინამოსთან“ გოლი გაიტანა.

„დინამოსთან” წაგების მიუხედავად (1:4), „ლოკომოტივში“ ამ ამბავმა ყველა გაახარა. საქმე ისაა, რომ 25 წლის თავდამსხმელმა გოლი წელიწადის და რვა თვის პაუზის შემდეგ გაიტანა. ფეხბურთელს გოლი „ლოკომოტივმაც“ მიულოცა.

„ამას ყველა დიდხანს ველოდით… 2018 წლის 30 ნოემბერს, მამია გავაშელიშვილმა ფოთის „კოლხეთს“ გაუტანა. მას მერე დიდი დრო და „ლოკომოტივის“ ფორვარდისთვის რთული თვეები გავიდა. 2020 წლის 9 ივლისს კი, მამია მოედანზე 53-ე წუთზე გამოჩნდა და შემოსვლიდან 6 წუთში, მეტოქის კარის აღება შეძლო. გვიყვარხარ და გვეამაყები, გავაშ!“, – წერია „ლოკომოტივის“ წერილში.

მამია გავაშელიშვილი თბილისური კლუბის გაზრდილია. ის ეროვნულ ლიგა 2-ში გატანილი გოლებით გათამაშების რეკორდსმენია – 2014/2015 წლების სეზონში „ლოკომოტივის“ თავდამსხმელმა 39 შეხვედრაში 46 გოლი გაიტანა.

გავაშელიშვილი 2019 წლის იანვარში გუნდთან ერთად ემზადებოდა, როდესაც მძიმე სენი დაუდგინეს. ის თურქეთში მკურნალობდა და საბედნიეროდ, სენიც დაამარცხა, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ფორმაც აღიდგინა და ახლა გოლიც გაიტანა.