ნანა ძაგნიძე - მომენატრა ჭადრაკი და მიხარია, ევროპის საკლუბო ჩემპიონი რომ გავხდი
ნანა ძაგნიძე - მომენატრა ჭადრაკი და მიხარია, ევროპის საკლუბო ჩემპიონი რომ გავხდი

ნანა ძაგნიძე ევროპის საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებულია. ქართველი მოჭადრაკე „მონტე კარლოს“ შემადგენლობაში ასპარეზობდა ტურნირზე, რომელიც პანდემიის გამო ონლაინრეჟიმში ჩატარდა. ძაგნიძემ მე-2 დაფაზე 9 ქულა მოიპოვა და გუნდის გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა.

„მონტე კარლომ“ რუსულ „უგრასა“ და „გამბიტ ვოლგოგრადს“, ასევე პოლონურ „ჰუსარდს“ აჯობა. აღსანიშნავია, რომ ნანა ძაგნიძე „მონტე კარლოში“ 10 წლის წინაც ასპარეზობდა.

„ევროპის საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებული! ბოლო წლებში მე კლუბ „ნონას“ სახელით ვთამაშობდი. მაგრამ წლევანდელ ჩემპიონატში გუნდი არ გამოდიოდა და როდესაც „მონტე კარლოდან“ დამიკავშირდნენ, გამიხარდა. ძლიერი სპონსორები ჰყავს და ძლიერ სპორტსმენებსაც იწვევს. სხვათა შორის, „მონტე კარლოს“ შემადგენლობაში მხოლოდ ათი წლის წინ არ ვასპარეზობდი – რამდენჯერმე გამოვედი და ჩემპიონობაც რამდენჯერმე ვიზეიმე. საერთოდ, თამაშიც მომენატრა, რადგან მარტის შემდეგ პანდემიის გამო არ მითამაშია“, – ამბობს საქართველოს პირველ არხთან ნანა ძაგნიძე.

მან საქართველოს მომავალი ახალი წელი მიულოცა:

„აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და მინდა ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხალხს, ქართული სპორტის წარმომადგენლებს მომავალი ახალი წელი მივულოცო. 2020 წელი რთული იყო და ვისურვებდი, რომ 2021 სიხარულის და წარმატების წელი იყოს“.