ნაკრებში სანიოლს ხიზანიშვილი დაეხმარება - სამწვრთნელო სტაფი დაკომპლექტდა
ნაკრებში სანიოლს ხიზანიშვილი დაეხმარება - სამწვრთნელო სტაფი დაკომპლექტდა

ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო სტაფი დააკომპლექტა, მისი ქართველი ასისტენტი კი ზურაბ ხიზანიშვილი იქნება.

39 წლის ზურაბ ხიზანიშვილი ცნობილი ქართველი ფეხბურთელის, ნოდარ ხიზანიშვილის ვაჟია. კარიერა თბილისის „დინამოში“ დაიწყო და „ლოკომოტივში“ გადავიდა, სადაც მისით ლონდონის „არსენალი“ დაინტერესდა, მაგრამ თბილისური კლუბის მოთხოვნამ (6,5 მილიონი დოლარი) არსენ ვენგერს ჩანაფიქრზე ხელი ააღებინა და საბოლოოდ, ხიზანიშვილი მოკრძალებულ შოტლანდიურ „დანდიში“ გადავიდა. „დანდიში“ ჩატარებული რამდენიმე მშვენიერი სეზონის შემდეგ გადავიდა შოტლანდიური ფეხბურთის ყველაზე ტიტულოვან კლუბ „რეინჯერსში“, სადაც წლის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშის პრიზი მიიღო. ასევე ითამაშა ინგლისურ „ბლექბერნში“, „ნიუკასლში“ და „რედინგში“, თურქულ „ქაისერისფორში“. მერე თამაშის შემდეგ დაბრუნდა საქართველოში და კარიერა ჯერ თბილისის „დინამოში“ და შემდეგ „სამტრედიაში“ განაგრძო, საიდანაც ბაქოს „ინტერში“ გადაბარგდა, 2017 წელს კი აქტიური სპორტული კარიერა დაასრულა.

ზურაბ ხიზანიშვილის სანაკრებო კარიერა დაიწყო 1999 წლის 5 ივნისს და 2013 წელს დაასრულა. სულ „ჯვაროსნების“ ფორმა 92-ჯერ მოირგო და ერთი გოლი გაიტანა. მოთამაშის კარიერის შემდეგ სამწვრთნელო საქმიანობა დაიწყო, მუშაობდა თბილისის „ლოკომოტივში“, 2017 წლიდან კი საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანაშემწე და საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელია. მისმა გაწვრთნილმა ასაკობრივმა ნაკრებმა 2019 წელს ლიეტუვაში უეფა-ს განვითარების თასი ისე მოიგო, გოლი არ გაუშვია – ხიზანიშვილის შეგირდებმა დაამარცხეს მოლდოვა 4:0, ბოსნია 3:0, ხოლო მასპინძელი ლიეტუვა – 9:0.

სანიოლის მხოლოდ ერთი ჩამოყვანილი სპეციალისტი დაეხმარება – ადელ შედლი. მეკარეების მწვრთნელი საქართველოს ნაკრების ყოფილი მეკარე დავით გვარამაძე იქნება, რომელიც წლებია ასაკობრივ და ეროვნულ ნაკრებში მუშაობს. სანიოლის შტაბში ანალიტიკოსიც ქართველი იქნება – ირაკლი ჩიტაური, რომელიც აქ ვლადიმირ ვაისის დროსაც საქმიანობდა და ამ სფეროში ყველაზე გამოცდილი ქართველი სპეციალისტია.