ნაკრების ყველაზე შედეგიანი მწვრთნელები ქეცბაია და ჩივაძე არიან, ვაისს მათი შედეგის გაუმჯობესების რეალური შანსი აქვს
ნაკრების ყველაზე შედეგიანი მწვრთნელები ქეცბაია და ჩივაძე არიან, ვაისს მათი შედეგის გაუმჯობესების რეალური შანსი აქვს

საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებში მთავარ მწვრთნელად 19 ადამიანს უმუშავია და მათგან ყველაზე მეტი მატჩი ჩვენმა ეროვნულმა გუნდმა თემურ ქეცბაიას მეთაურობით ჩაატარა. თბილისის „დინამოს“, კვიპროსული „ანორთოზისის“, ბერძნული „აეკისა“ და ინგლისური „ნიუკასლის“ ყოფილი ფეხბურთელი ჩვენი ქვეყნის მთავარი გუნდის დამრიგებლად 2010 წელს დაინიშნა და მისი პერიოდი 2014 წლამდე გაგრძელდა. ქეცბაიას ანგარიშზე 40 მატჩია, რომელთაგანაც გუნდმა 13 მოიგო, 9 ფრედ ითამაშა და 18 წააგო. მისივე ხელში ჰქონდა საქართველოს ეროვნულ გუნდს ყველაზე გრძელი დაუმარცხებელი სერია – 10 მატჩი (5-5-0).

მოგებათა რაოდენობით, ქეცბაიასთან ერთად, ალექსანდრე ჩივაძე ლიდერობს, თუმცა ლეგენდარულმა ქართველმა კაპიტანმა 13 მოგება 35 მატჩიდან დააგროვა.

რაც შეეხება ჩვენი გუნდის ამჟამინდელ მთავარ მწვრთნელ ვლადიმირ ვაისს, მას ძალზედ რეალური შანსი აქვს, რომ ზემოთნახსენები ორი შედეგი გააუმჯობესოს: სლოვაკის ანგარიშზე ამჟამად 28 მატჩია, რომელთაგან გუნდმა 11 მოიგო და თუ საქართველოს ნაკრებმა „ერთა ლიგის“ დარჩენილი ორი შეხვედრა ანდორისა და ყაზახეთის წინააღმდეგ გამარჯვებით დაასრულა, ვაისის ანგარიშზე 30 მატჩი და 13 მოგება იქნება.

გარდა ამისა, ვლადიმირ ვაისი პირველი მწვრთნელია დავით ყიფიანის შემდეგ, რომელსაც დადებითი ბალანსი აქვს: 1997 წელს, ყიფიანის მეთაურობით, გუნდმა 4 მატჩი მოიგო და 2 წააგო, ვაისს კი 11 მოგება და 9 წაგება აქვს.

სლოვაკის ხელში ჩვენი ნაკრების მიერ ნაჩვენებ უნიკალურ შედეგებს შორის ასევე შეგვიძლია დავასახელოთ: ზედიზედ ოთხი ოფიციალური მატჩის მოგება და ზედიზედ რვა მატჩში გაშვებული ერთადერთი გოლი.