ნაკრების სამი წევრი შეკრების დროს სამწვრთნელო კურსებს დაესწრო #1TVSPORT
ნაკრების სამი წევრი შეკრების დროს სამწვრთნელო კურსებს დაესწრო #1TVSPORT

საქართველოს ნაკრების მოქმედი წევრები, გურამ კაშია, გიორგი ლორია და ნიკა კვეკვესკირი სანაკრებო შეკრების დროს სამწვრთნელო კურსებს დაესწრნენ. ეს მწვრთნელთა განათლების B+A ლიცენზიის კურსის ლექციებზე მოხდა, რომლის მეორე მოდულიც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართა.

მოდული შედგებოდა როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ნაწილისგან. კურსის მონაწილეებს გამოცდილება უეფას ექსპერტებმა და Jira Panel-ის წევრებმა, კრის ვან დერ ჰაგენმა და გენადი სკურტულმა გაუზიარეს.

მწვრთნელთა განათლების B+A ლიცენზიის კურსი საქართველოში პირველად ტარდება და შექმნილია განსაკუთრებული საფეხბურთო სტაჟის მქონე ფეხბურთელებისთვის, რომლებიც შემდეგ მოთხოვნებს აკმაყოფილებდნენ: მინიმუმ 10 თამაში უნდა ჰქონდეს ჩატარებული საქართველოს ეროვნულ (A) ნაკრებში; უნდა იყოს საქართველოს ეროვნული (A) ნაკრების წევრი მინიმუმ 7 წლის განმავლობაში; შეუსრულდა, ან სწავლების პერიოდში უსრულდება 30 წელი.

B+A ლიცენზიის კურსში, საგანგებოდ აღნიშნული კურსისთვის შექმნილი პროგრამის საფუძველზე, ეროვნული ნაკრების მოქმედი და ყოფილი ფეხბურთელები მონაწილეობენ. კაშიას, ლორიას და კვეკვესკირის გარდა, ლექციებს ესწრებოდნენ ლევან მჭედლიძე, ლევან ყენია, გიორგი მერებაშვილი, სანდრო კობახიძე, გიორგი ნავალოვსკი, ლადო დვალიშვილი, გოგიტა გოგუა.

მათ საშუალება ეძლევათ C ლიცენზიის გარეშე გაიარონ B+A კურსი და გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, გახდნენ უეფას A ლიცენზიის მფლობელები. კურსი 6 მოდულისგან შედგება და მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ნაწილს.