ნაკრების მწვრთნელი ლაშა გუჯეჯიანი - ტატო გრიგალაშვილი განსაკუთრებული ნიჭის მქონე ძიუდოისტია
ნაკრების მწვრთნელი ლაშა გუჯეჯიანი - ტატო გრიგალაშვილი განსაკუთრებული ნიჭის მქონე ძიუდოისტია

საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული გუნდის წევრმა, 81 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე ტატო გრიგალაშვილმა ყატარის მასტერსის ფინალური შეხვედრა ნიდერლანდელ ფრანკ დე ვიტის წმინდად მოუგო და მასტერსის გამარჯვებული გახდა.

გრიგალაშვილის წარმატების შემდეგ პირველი ექსკლუზიური კომენტარი საქართველოს რადიოსთვის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლაშა გუჯეჯიანმა გააკეთა, რომელმაც საუბარი ოლიმპიური ჩემპიონის დავით ხახალეიშვილის გარდაცვალებით გამოწვეული წუხილით დაიწყო.

„ოლიმპიური ჩემპიონი დავით ხახალეიშვილი იყო არა მხოლოდ ქართული არამედ მსოფლიო ძიუდოს ლეგენდა და მისი გარდაცვალება მართლაც უდიდესი დანაკლისია. ვუსამძიმრებ მის ოჯახს და სრულიად საქართველოს.

დოჰაში, მიმდინარე შეჯიბრებას და ტატო გრიგალაშვილის ტრიუმფს რაც შეეხება – სრულიად ძიუდოს სამყარო, ვინც იხილა ტატოს ორთაბრძოლები და ვისთანაც კი შეხვედრები გვქონდა, ყველა აღნიშნავს, რომ რაღაც არაბუნებრივ ძალასთან და განსაკუთრებულ ტალანტთან გვაქვს საქმე.

უკვე ჩატარებული შეხვედრების შემდეგ მინდა გითხრათ, რომ საქართველოს ნაკრების ყველა წევრის მიმართ გვაქვს ოპტიმისტური დამოკიდებულება და ვიმედოვნებ, რომ გუნდი იმ მთავარ მიზანს რასაც ოლიმპიური თამაშები ქვია, სრულ მზადყოფნაში შეხვდება და ოლიმპიადაზეც სერიოზულ წარმატებებს ვიზეიმებთ.“

ქართული ძიუდოსთვის დოჰაში, მასტერსის თასის გათამაშება ბოლო წლების უცვლელი სცენარით დაიწყო. შეჯიბრის პირველ დღეს ბრინჯაოს მედალი 66 კგ. წონით კატეგორიაში ვიზეიმეთ და მისი ავტორიც უცვლელია და ის ამ წონაში ჩვენი ლიდერი ვაჟა მარგველაშვილია.

13 იანვარს დოჰას ტატამზე 78, +78-ში მოჭიდავე გოგონები და 90, 100 და მძიმე წონების ვაჟები გამოვლენ.

90 კილოგრამში ჩვენი ორი წარმომადგენელი ბექა ღვინიაშვილი და ლაშა ბექაური იჭიდავებს, ერთი ძიუდოისტი გვყავს 100 კგ-ში და ეს ვარლამ ლიპარტელიანია. რაც შეეხება მძიმე წონით კატეგორიას აქ საქართველოს ნაკრების ღირსებას ლევან მატიაშვილი, გელა ზაალიშვილი და გურამ თუშიშვილი დაიცავენ.