ნაკრების დებიუტანტი ლადო მამუჩაშვილი - კონფერენს ლიგის შემდეგ ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს, ერთი სეზონი ევროპულ ლიგაში ვითამაშე #1TVSPORT
ნაკრების დებიუტანტი ლადო მამუჩაშვილი - კონფერენს ლიგის შემდეგ ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს, ერთი სეზონი ევროპულ ლიგაში ვითამაშე #1TVSPORT

„სიტყვებით ვერ გამოვხატავ, სანაკრებო სიის გამოცხადების შემდეგ რას განვიცდიდი“, – ამბობს საქართველოს პირველ არხთან ბათუმის „დინამოს“ ფეხბურთელი ლადო მამუჩაშვილი, რომელიც ეროვნულ ნაკრებში პირველად გამოიძახეს.

23 წლის საყრდენი ნახევარმცველის ეროვნული ლიგის ლიდერის ერთ-ერთ წამყვან მოთამაშედ ჩამოყალიბდა, კონფერენს ლიგაზეც კარგად ითამაშა და არავის გაკვირვებია, ვილი სანიოლმა საქართველოს საფეხბურთო ნაკრებში რომ გამოიძახა.

„ჩემთვის ბევრს ნიშნავს, რომ სანიოლმა მიმიწვია არა ამხანაგურ შეხვედრაში, არამედ, უმნიშვნელოვანეს მატჩებამდე დაგეგმილ შეკრებაზე. მარტის სანაკრებო შეკრებიდან მივხვდი, რომ ინტერესი იყო. წავიკითხე, რომ სანიოლის პრესკონფერენციაზე კითხვა ჩემს შესახებ დაუსვეს. მივხვდი, მედიაც და სანიოლიც მაკვირდებოდნენ. ანუ ეს მიწვევა არა მხოლოდ ევროთასებზე ერთი გაელვების გამოძახილია, არამედ მარტიდან მოყოლებული მაკვირდებოდნენ. ეს შრომის, ჩვენი გუნდის წარმატებული თამაშის და პირადად გია გეგუჩაძის დამსახურებაა“, – ამბობს ლადო მამუჩაშვილი.

23 წლის ფეხბურთელის თქმით, წინსვლისთვის ბათუმის „დინამოში“ საუკეთესო პირობებია:

„გეგუჩაძის დიდი წვლილია, საქართველოს ნაკრებში რომ მიმიწვიეს. მენდობოდა, მათამაშებდა და მეც იმედების გამართლებას ვცდილობდი. ბათუმის „დინამოში“ ისეთი პირობებია, აქედან მოთამაშე მაგალითად, აზერბაიჯანში არ წავა. ფეხბურთი მხოლოდ ფული არ არის, ეს უპირველესად სიამოვნებაა და ყველა ამბიციური მოთამაშე ამაზე ფიქრობს. ჩვენთან კი შვიდი კაცი ეროვნულ ნაკრებში გამოიძახეს და თუ წასვლაა, ყველა ევროპულ ლიგაზე იფიქრებს“.

მამუჩაშვილმა კონფერენს ლიგაზე გუნდის გამოსვლაზეც გველაპარაკა:

„სულ ექვსი შეხვედრა გვქონდა, მაგრამ ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს, ერთი სეზონი რომელიმე ევროპულ ლიგაში ჩავატარე. ასეთი ბევრი თამაში რომ გვქონდეს, მეც სხვა ფეხბურთელი გავხდები და ბათუმის „დინამოც“ ბევრად ძლიერი კლუბი იქნება. ევროსარბიელზე მიღებული გამოცდილება ძალიან მნიშვნელოვანი და საჭიროა. სხვა მუხტი და თავდაჯერებულობა მოდის“.

დატოვე კომენტარი