ნახევარმცველი საბერძნეთის სუპერლიგიდან - ბათუმის „დინამომ“ ფალავანდიშვილი დაიმატა #1TVSPORT
ნახევარმცველი საბერძნეთის სუპერლიგიდან - ბათუმის „დინამომ“ ფალავანდიშვილი დაიმატა #1TVSPORT

გამოცდილი ნახევარმცველი გუგა ფალავანდიშვილი კარიერას ბათუმის „დინამოში“ გააგრძელებს, – ინფორმაცია კლუბმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.

ბათუმის „დინამოს“ 27 წლის ახალწვეულმა საქართველოს ვიცე-ჩემპიონთან 2.5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და გუნდს საქართველოს ჩემპიონობაში დაეხმარება, ხოლო თურქული „სივასპორის“ დამარცხების შემთხვევაში, ბათუმელთა რიგებში კონფერენს ლიგის მეოთხე საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს.

გუგა ფალავანდიშვილი საყრდენი ნახევარმცველია, კარიერა „გაგრაში“ დაიწყო, მერე იყო „დინამო თბილისი 2“, გორის „დილა“, ქუთაისის „ტორპედო“, პოლონური „პოდბესკიძე“, მოლდავური „დაჩია“, ლატვიური „ვენტსპილსი“, 2020 წლის 9 სექტემბერს კი საბერძნეთის სუპერლიგის „ლამიაში“ ჩაირიცხა. მაგრამ სეზონის ბოლოს ფინანსურ პრობლემების გამო გუნდი ბაჩანა არაბულთან ერთად დატოვა.

ბერძნული კლუბის პრეს-სამსახურის ცნობით, ქართველმა ფეხბურთელმა გათავისუფლება და კონტრაქტის გაწყვეტა თავად მოითხოვა.

„მას შეექმნა სერიოზული ოჯახური პრობლემა, რაც აიძულებს დაბრუნდეს თავის ქვეყანაში. ლოგიკურია, რომ ფალავანდიშვილი კარიერასაც სამშობლოში გააგრძელებს“, – წერია ბერძნული კლუბის განმარტებაში.

გუგა ფალავანდიშვილი კახა ცხადაძემ საქართველოს ნაკრებში 2015 წელს მიიწვია და გიბრალტართან ოფიციალურ მატჩშიც ათამაშა. მაგრამ ეროვნულ ნაკრებში მერე აღარ უთამაშია. საერთაშორისო პორტალი „ტრანსფერმარკტი“ გუგა ფალავანდიშვილის ტრანსფერს 100 ათას ევროდ აფასებს.