ნახევარფინალამდე ორი დღით ადრე „გარეჯი“ „ლოკომოტივს“ სხვა მწვრთნელით დახვდება
ნახევარფინალამდე ორი დღით ადრე „გარეჯი“ „ლოკომოტივს“ სხვა მწვრთნელით დახვდება
ხვალ, 23 ოქტომბერს, დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის ნახევარფინალური დაპირისპირება გაიმართება. „ლოკომოტივი” საგარეჯოს „არსენ მეკოკიშვილი არენაზე“ მიმდინარე გათამაშების მთავარი სენსაციის ავტორს ესტუმრება, მეოთხე ლიგის „გარეჯი 1960“-ს, რომელმაც თავისი არსებობის ისტორიაში საუკეთესო შედეგი აჩვენა.
 
ისტორიულ მატჩამდე ორი დღით ადრე კი საგარეჯოს გუნდი მთავარმა მწვრთნელმა დავით ქოქიაშვილმა დატოვა და „ლოკომოტივთან“ გარეჯელებს მოედანზე სხვა მწვრთნელი გაიყვანს. ეს მოულოდნელი ინფორმაცია დავით ქოქიაშვილმა საქართველოს პირველ არხთან თავად დაადასტურა.
„გუნდიდან წამოვედი, რის მიზეზებსაც არ დავაკონკრეტებ. ფაქტია, რომ ჩემი დარჩენა აღარ გამოდიოდა. გუნდში ძალიან დიდი შრომა გავწიეთ და თასზე ბოლომდე ვიბრძოლეთ. წამოსვლაზე გული დამწყდა, მაგრამ სხვაგვარად არ გამოდიოდა. „გარეჯს“ კი ხვალინდელ შეხვედრაში წარმატებას ვუსურვებ“ – ამბობს საქართველოს პირველ არხთან დავით ქოქიაშვილი.