ნაიკი - რონალდოსთან დაკავშირებულ მოვლენებს ყურადღებით ვაკვირდებით
ნაიკი - რონალდოსთან დაკავშირებულ მოვლენებს ყურადღებით ვაკვირდებით

სპორტული ტანსაცმლის მწარმოებელი ფირმა „ნაიკი“ (Nike) ღრმად არის შეშფოთებული კრიშტიანო რონალდოსთან დაკავშირებული ბოლო ინფორმაციით, რომლის მიხედვით, 34 წლის ამერიკელი ქალი, კეტრინ მაიორგა, ცნობილ ფეხბურთელს გაუპატიურებაში სდებს ბრალს. „ნაიკს“ რონალდოსთან მილიარდდოლარიანი კონტრაქტი აკავშირებს და ცნობილი ფირმის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მოვლენების განვითარებას ყურადღებით ადევნებენ თვალყურს.

„ი-ეი სპორტსი“ (EA Sports), რომელსაც ასევე აქვს გაფორმებული კონტრაქტი პორტუგალიელ ვარსკვლავთან, ანალოგიურ განცხადებას აკეთებს.

რაც შეეხება თავად კრიშტიანო რონალდოს, მაიორგას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ის ცილისწამებას უწოდებს. რამდენიმე სღის წინ, „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე მან ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც განაცხადა, რომ ადამიანებს საკუთარი თავის დამკვიდრება მისი სახელის ხარჯზე სურთ, რაც, „კაცმა რომ თქვას, სულაც არ არის გასაკვირი“.

ამასთანავე, რონალდოს ადვოკატები აპირებენ სარჩელი შეიტანონ გერმანულ ჟურნალ „შპიგელის“ წინააღმდეგ, რომელმაც „პირველმა გაავრცელა ყალბი ინფორმაცია“ ფეხბურთელის შესახებ. გამოცემის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში ნათქვამი იყო, რომ 34 წლის კეტლინ მაიორგა რონალდოს გაუპატიურებაში სდებდა ბრალს და რომ თითქოს ინციდენტი 2009 წელს, ლას-ვეგასში მოხდა.

გარდა ამისა, მაიორგას თქმით, 2010 წელს მან ფეხბურთელთან შეთანხმებას მიაღწია და მისგან 375 000 ამერიკული დოლარი მიიღო, სანაცვლოდ კი პირობა დადო, რომ ამბავს არასოდეს გაასაჯაროებდა.