ნაფიც მსაჯულთა მიერ განსჯად საქმეებზე მომუშავე მოსამართლე ეკატერინე გაბრიჩიძე უვადოდ გამწესებას ითხოვს
ნაფიც მსაჯულთა მიერ განსჯად საქმეებზე მომუშავე მოსამართლე ეკატერინე გაბრიჩიძე უვადოდ გამწესებას ითხოვს

მოსამართლე ეკატერინე გაბრიჩიძემ, რომლიც ძირითადად ნაფიც მსაჯულთა მიერ განსჯად საკითხებს განიხილავს, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გასაუბრება გაიარა. ეკატერინე გაბრიჩიძე მე-12 წელია, მოსამართლეა. ამჟამად ის თბილისის საქალაქო სასამართლოში სისხლის სამართლის საქმეთა განმხილველი მოსამართლეა. საქალაქო სასამართლოს მოსამართლე უვადოდ გამწესებას ითხოვს. მას საბჭოს წევრების მხრიდან ამ მოთხოვნაზე ერთხელ უარი ეთქვა.

„მეცამეტე წელია, მოსამართლე ვარ. ჯამში 23 წელი გავატარე სასამართლოში. ბოლო წლებია, ნაფიც მსაჯულთა და არასრულწლოვანთა საქმეებზე ვმუშაობ და ახლა ისევ შემეცვალა კატეგორია, ძირითადად, მკვლელობები, ტერორიზმი და ნარკოტიკული დანაშაულები. არასრულწლოვნებზე მუშაობა ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო და მოსამართლის როლი აქ მნიშვნელოვანია, ასევე ნაფიცი მსაჯულების შემთხვევაშიც. ამდენი წლის განმავლობაში თითქმის ყველა კატეგორიის საქმე განმიხილავს“, – განაცხადა გაბრიჩიძემ.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეობის მსურველ კანდიდატებთან გასაუბრება 26 ოქტომბერს დაიწყო. საბჭო 43 ვაკანტურ ადგილზე 80 კანდიდატს რამდენიმე დღის განმავლობაში გაესაუბრება. კანდიდატებს შორის 21 ყოფილი მოსამართლეა, 17 ათწლიანი გამოცდილების მქონე, ერთი უზენაესი სასამართლოს მოქმედი, ერთი კი ყოფილი მოსამართლე, 10 იუსტიციის უმაღლესი სკოლის კურსდამთავრებული, 17 კი სამწლიანი გამოცდილების მქონე. რაც შეეხება კანდიდატთა კენჭისყრას, პროცესი კანდიდატებთან გასაუბრების შემდეგ დაიწყება.