ნადალმა რომის „მასტერსი“ მოიგო და რეიტინგში ლიდერობა დაიბრუნა
ნადალმა რომის „მასტერსი“ მოიგო და რეიტინგში ლიდერობა დაიბრუნა

ესპანელმა რაფაელ ნადალმა რომის „მასტერსი“ მოიგო და ​ATP-ის კლასიფიკაციაში პირველობა დაიბრუნა. ფინალში „გრუნტის მეფემ“ სამ სეტში – 6:1, 1:6, 6:3 მოუგო გერმანელ ალექსანდრ ზვერევს.

ნადალს ამ ჩოგბურთელთან ოთხიდან ოთხი მოგება ჰქონდა და ახლაც ფავორიტად მიიჩნეოდა, თუმცა ზვერევიც შესანიშნავ ფორმაში იმყოფებოდა, რაზეც მეტყველებდა ერთი კვირის წინ მადრიდის „მასტერსზე“ ტრიუმფი, აგრეთვე, ზედიზედ მოგებული 13 მატჩი.

გერმანელმა კარგად დაიწყო და პირველივე გეიმში ბრეიკი შეასრულა. როგორც ჩანს, ამან ესპანელი გააბრაზა – ნადალმა ზედიზედ ექვსი გეიმი აიღო და სეტებში დაწინაურდა.

თითქოს ზვერევს განადგურება ელოდა, მაგრამ მეორე სეტში ნადალის თამაში მოიშალა – მან ზედიზედ ხუთი გეიმი წააგო და მხოლოდ ამის შემდეგ მოიგო ერთი გეიმი. ზვერევმა სრულფასოვანი რევანში აიღო პირველი პარტიის წაგებისთვის.

ნადალი ფინალში მარცხის წინაშე დადგა, როცა გერმანელმა მესამე სეტი ბრეიკით დაიწყო. რაფამ იგივეთი ვერ უპასუხა და ჩამორჩა მეტოქეს – 2:3. სწორედ ამ დროს რომში გაწვიმდა და თამაში თითქმის ერთი საათით გადაიდო. ეს პაუზა ნადალს ძალიან დაეხმარა – კორტზე დაბრუნებულმა ესპანელმა ზედიზედ ოთხი გეიმი მოიგო და მერვედ გაიმარჯვა რომის „მასტერსზე“.

31 წლის ნადალმა კარიერაში 78-ე ტიტული მოიგო, გაუსწრო ამერიკელ ჯონ მაკინროის და ყველა დროის სიაში მეოთხე ადგილზე გადავიდა. ესპანელზე წინ არიან: ჯიმი კონორსი – 109, როჯერ ფედერერი – 97 და ივან ლენდლი – 94.

„მასტერსის“ სერიის ტურნირებზე ნადალმა 32-ე გამარჯვება მოიპოვა, რაც აბსოლუტური რეკორდია.