ნადალმა ციციპასი დაამარცხა და წლის შემაჯამებელი ტურნირის ნახევარფინალში გავიდა
ნადალმა ციციპასი დაამარცხა და წლის შემაჯამებელი ტურნირის ნახევარფინალში გავიდა

პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) წლის შემაჯამებელ ტურნირზე დასრულდა ჯგუფური ეტაპი პირველ ჯგუფში. მნიშვნელოვანი მატჩი იყო ესპანელ რაფაელ ნადალსა და მოქმედ ჩემპიონს, ბერძენ სტეფანოს ციციპასს შორის. ორი ტურის შემდეგ, მათ თითო მოგება და წაგება ჰქონდათ და მოგებული ნახევარფინალის მეორე საგზურს მოიპოვებდა.

პირველ სეტში რაფაელ ნადალმა სამი ბრეიკ-პოინტი გამოიმუშავა და ერთი შანსი გამოიყენა. მეორე პარტიაში თანაბარი ბრძოლა მიდიოდა და ყველაფერი მეათე გეიმში გადაწყდა, როცა ციციპასმა პირველი ბრეიკ-პოინტი მიიღო მატჩში და ეს შანსი ხელიდან არ გაუშვა.

მესამე სეტის პირველ სამ გეიმში ბრეიკები დაფიქსირდა – ორი ნადალისა იყო და ერთი – ციციპასის. ამის შემდეგ, ესპანელმა კიდევ ერთხელ აიღო მეტოქის მოწოდება და ორ საათსა და ექვს წუთში 6:4, 4:6, 6:2 მოიგო. ნადალს ციციპასთან ურთიერთშეხვედებში დიდი უპირატესობა აქვს – 6:1.

რაფაელ ნადალი დომინიკ ტიმთან ერთად გავიდა პირველი ჯგუფიდან ნახევარფინალში და უკვე ცნობილია მისი მეტოქე ამ ეტაპზე – ეს არის რუსი დანიილ მედვედევი, რომელმაც ტურით ადრე გაინაღდა პირველ ჯგუფში პირველი ადგილი.