ნადალმა ბარსელონაში მეთერთმეტედ მოიგო
ნადალმა ბარსელონაში მეთერთმეტედ მოიგო

როგორც მოსალოდნელი იყო, ბარსელონას ATP-ის ტურნირი ესპანელი რაფაელ ნადალის ტრიუმფით დასრულდა.

ფინალში რაფას მეტოქე 19 წლის ბერძენი სტეფანოს ციციპასი იყო, რომელიც საბერძნეთის პირველი წარმომადგენელია 1973 წლის შემდეგ, ვინც ATP-ის ტურნირის გადამწყვეტ მატჩში გააღწია. თუმცა, ციციპასმა ფინალში ვერ შეძლო ღირსეული ბრძოლა.

ნადალმა საათსა და 19 წუთში მოამთავრა საქმე – 6:2, 6:1. ესპანელმა 10 ბრეიკპოინტის გამომუშავება შეძლო და ხუთჯერ აიღო მეტოქის მოწოდება – ორი პირველ და სამი მეორე სეტში. ციციპასს სამი ბრეიკპოინტი ჰქონდა – სამივე მეორე სეტის მეოთხე გეიმში, მაგრამ ბრეიკამდე ვერ მივიდა.

ახლა ნადალს ზედიზედ 19 მატჩი და 46 სეტი აქვს მოგებული გრუნტზე. ისევე, როგორც ერთი კვირის წინ მონტე კარლოს „მასტერსი“, ბარსელონას ტურნირიც ესპანელმა მეთერთმეტედ მოიგო.

რაფაელს 77 ტიტული დაუგროვდა ATP-ის ტურში და გაუსწრო ამერიკელ ჯონ მაკინროს. მხოლოდ ჯიმი კონორსს, როჯერ ფედერერსა და ივან ლენდლს აქვთ უფრო მეტი მოგება.