ნადალმა ანდერსონთან წააგო, ჯოკოვიჩმა ხაჩანოვს მოუგო
ნადალმა ანდერსონთან წააგო, ჯოკოვიჩმა ხაჩანოვს მოუგო

აბუ დაბიში, საჩვენებელ საჩოგბურთო ტურნირზე, ნახევარფინალური მატჩები გაიმართა, რომლებშიც მსოფლიოს პირველი და მეორე ჩოგნები – სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი და ესპანელი რაფაელ ნადალი თამაშობდნენ.

ჯოკოვიჩი მსოფლიოს მე-11 ნომერს, რუს კარენ ხაჩანოვს ხვდებოდა და ის საათსა და ოთხ წუთში ორ სეტში დაამარცხა – 6:4, 6:2. სერბმა ოთხი ბრეიკი შეასრულა და ერთხელ დათმო საკუთარი მოწოდება. ნოვაკმა ამ მოგებით რევანში აუღო რუსს შარშანდელი სეზონის ბოლოს, პარიზის “მასტერსში” წაგების გამო.

ვერ შეძლო ფინალში გასვლა რაფაელ ნადალმა. ის საათი და 52 წუთი ბრძოლის შემდეგ, სამ სეტში დამარცხდა სამხრეთაფრიკელ კევინ ანდერსონთან – 6:4, 3:6, 4:6. პირველი სეტის წაგების შემდეგ, ანდერსონმა მომდევნო ორ პარტიაში არც ერთი ბრეიკის აღების საშუალება არ მისცა ესპანელს, თავად კი თითო სეტში თითოჯერ მოიგო მეტოქის მოწოდება.