ნადალი ბარსელონას ტურნირზე მეორე წრიდან გავარდა #1TVSPORT
ნადალი ბარსელონას ტურნირზე მეორე წრიდან გავარდა #1TVSPORT

მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი რაფაელ ნადალი ნაადრევად დაემშვიდობა ბარსელონას ATP500 კატეგორიის ტურნირს. ესპანელმა ჩოგბურთელმა ორ სეტში წააგო მსოფლიოს მე-11 ჩოგანთან, ავსტრალიელ ალექს დე მინორთან – 5:7, 1:6.

შეხვედრა საათი და 52 წუთი გაგრძელდა. 37 წლის ნადალმა ვერც ერთი ეისი ვერ ჩააწოდა, ერთი ორმაგი შეცდომა დაუშვა და სამიდან ერთი ბრეიკ-პოინტი გამოიყენა. დე მინორმა ცხრა ბრეიკ-პოინტი გამოიმუშავა და ხუთჯერ აიღო მეტოქის მოწოდება.

„ტურნირზე ისეთი შეგრძნებით ვთამაშობდი, თითქოს ეს ჩემი ბოლო გამოსვლა იყო. სინამდვილეში, კორტზე თავს კარგად ვგრძნობდი იქიდან გამომდინარე, როგორ მოვაღწიე ამ ტურნირამდე. დღეს ჩემთვის მთავარია არა გამარჯვება, არამედ ტურნირის ჯანმრთელ მდგომარეობაში დატოვება. პირველი სეტის წაგების შემდეგ მატჩი დასრულებული იყო.

დღეს ჩემი მიზანია – დავაგროვო საწვრთნელი გამოცდილება და ამასთან, უფრო კომფორტულად ვიგრძნო თავი. მალე წინ მაქვს მადრიდის „მასტერსი“ და ვიმედოვნებ, იქ უფრო მომზადებული ვიქნები. ამ მომენტისთვის ჩემთვის რთულია ვიყო კონკურენტუნარიანი ორ-სამ საათიან მატჩებში“, – განაცხადა მატჩის შემდეგ ნადალმა.