„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ზუგდიდში აქცია გამართა
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ზუგდიდში აქცია გამართა

„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ზუგდიდში აქცია გამართა. პარტიის მხარდამჭერებმა საკუთარი ოფისიდან 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის შენობისკენ მსვლელობა გამართეს. აქციის მონაწილეები კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხს არჩევნების შედეგების გაყალბებაში ადანაშაულებენ.

აქციაზე ბათუმში მომხდარი ტრაგედიის დროს გარდაცვლილებს წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.

„უთქვამთ, ზუგდიდში აქციას მაინც ატარებთო? არ დაგიმალავთ, ვფიქრობდით, რა გაგვეკეთებინა, მაგრამ, როდესაც ვხედავთ, რომ დუმილი ხელისუფლებას ხელს უწყობს, რათა შედეგები გადაწეროს, ამის უფლებას არ მივცემთ“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ.

ნიკა მელიამ აქციაზე პატიმრობაში მყოფ მიხეილ სააკაშვილზეც ისაუბრა და მისი გათავისუფლების მოთხოვნით თბილისში, თავისუფლების მოედანზე 14 ოქტომბერს აქცია დააანონსა. აქციაზე ისმოდა შეძახილები – „მიშა, მიშა“.

„იმდენი უნდა შევიკრიბოთ, როგორც არასდროს გავლილი 10 წლის განმავლობაში“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი განცხადება გააკეთა „ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის მერობის კანდიდატმა ანზორ მელიამაც.

„შვილის დაკავება ჩემთვის და ჩემი მეუღლისთვის ძალიან ნაცნობია. წარმომიდგენია, რა ტრიალებს ქალბატონი გიულის გულში, მაგრამ რა ვაჟკაცი ქალბატონია, სხვანაირად რომ ყოფილიყო, ასეთ გმირ შვილს ვერ გაუზრდიდა საქართველოს“, – განაცხადა ანზორ მელიამ.

აქციაზე მყოფმა გიული ალასანიამ აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარია.

„დღეს ჩემი შვილი, პოლიტიკური პატიმარი, შიმშილობს. მას უნდა, აღდგეს სამართლიანობა, აშენდეს სამართლიანი სახელმწიფო, სადაც ადამიანები განსხვავებული აზრისთვის არ დაისჯებიან“, – აღნიშნა გიული ალასანიამ.

აქციაზე ნიკა მელიამ მხარდამჭერებს არჩევნების მეორე ტურში აქტიურობისკენ მოუწოდა.

დატოვე კომენტარი