ნაბიჯი მომავლისკენ - „დინამო თბილისი“ სკაუტინგ პლატფორმასთან ითანამშრომლობს #1TVSPORT
ნაბიჯი მომავლისკენ - „დინამო თბილისი“ სკაუტინგ პლატფორმასთან ითანამშრომლობს #1TVSPORT

„დინამო თბილისმა“ შემადგენლობის გაძლიერების მიზნით, საერთაშორისო სკაუტინგ პლატფორმა Nordensa-სთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.

Nordensa ახლად დაარსებული პლატფორმაა, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით ეძებს ნიჭიერ ფეხბურთელებს და შემდგომში მათ განვითარებაში ეხმარება. კომპანია ამისთვის ინოვაციურ მეთოდს იყენებს – Nordensa-ს აპლიკაციის დახმარებით ფეხბურთელების განვითარებაში წვლილი ინვესტორებს შეაქვთ, რომლებიც თავის მხრივ ფეხბურთელის წარმატების შემთხვევაში სარგებელს თავადაც იღებენ.

„ინოვაციურ სკაუტინგ პლატფორმასთან პარტნიორობის დაწყებით მოხარული ვარ. თანამშრომლობის ფარგლებში, კლუბს წვდომა ექნება ისეთ რეგიონებზე და ფეხბურთელებზე, რომლებზეც ინფორმაციის მოპოვება საკმაოდ რთული, რიგ შემთხვევებში კი შეუძლებელია. ვიმედოვნებ, რომ ჩვენი თანამშრომლობა ნაყოფიერი იქნება“, – ამბობს ახალი თანამშრომლობის შესახებ „დინამო თბილისის“ სკაუტი მიხა გაბეჩავა.

თბილისურ კლუბთან თანამშრომლობაზე Nordensa-ს წარმომადგენელმა, მაქს ლეგატმაც ისაუბრა:

„ბედნიერი ვარ, რომ საქართველოს ყველაზე ტიტულოვან კლუბთან ვიწყებთ თანამშრომლობას. მოლაპარაკების პროცესი მაღალ პროფესიონალურ დონეზე წარიმართა, რითაც ჩვენ ვიგრძენით, რომ სწორი პარტნიორი ვიპოვეთ. Nordensa-ს სახელით მსურს „დინამოს“ წარმატება ვუსურვო ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე“.

ცნობილი გახდა, რომ „დინამო თბილისში“ სკაუტინგ კომპანია Nordensa-ს დახმარებით 20 წლის კამერუნელი საყრდენი ნახევარმცველი იოზეფ იენჯოკი გადავიდა, რომელსაც კამერუნის 20 და 23 წლამდე ნაკრებში 3-3 შეხვედრა აქვს ჩატარებული.