მზადება ვიდეორეფერის სისტემის დანერგვისთვის - ფეხბურთის ფედერაციამ სემინარი ჩაატარა
მზადება ვიდეორეფერის სისტემის დანერგვისთვის - ფეხბურთის ფედერაციამ სემინარი ჩაატარა

სასტუმრო „ჰუალინგში“ სპეციალურად ქართული სამსაჯო კორპუსისთვის ვიდეორეფერის (VAR) სისტემის სამდღიანი სემინარი გაიხსნა.

საქმე ის არის, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია აქტიურად მუშაობს ვიდეორეფერის სისტემის საქართველოში დანერგვაზე და აღნიშნული სემინარი სწორედ ამ პროექტის ნაწილია.

ფეხბურთის ფედერაციის ცნობით, სემინარში მონაწილეობას კრისტალბეთ ეროვნული ლიგისა და კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის 30 არბიტრი და ხუთი ინსტრუქტორი იღებს. სამი დღის განმავლობაში სასწავლო კურსის მონაწილეები ფიფა-ს ინსტრუქტორისგან ვიდეორეფერის სისტემის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ვიდეორეფერის სისტემის საქართველოში დანერგვაზე მუშაობა ორი წლის წინ დაიწყო და სისტემის სატესტო ვარიანტი ეროვნული ლიგა 2-ის 2018 წლის თამაშზეც გამოიყენა. თუმცა, ეს სოლიდურ თანხებს უკავშირდება და სპეციალისტების საგანგებოდ მომზადებაა საჭირო.