მზადება საჭადრაკო ოლიმპიადისთვის - მეორე ნაკრებები იმედიანად არიან [ვიდეო]
მზადება საჭადრაკო ოლიმპიადისთვის - მეორე ნაკრებები იმედიანად არიან [ვიდეო]

43-ე საჭადრაკო ოლიმპიადის დაწყებამდე ექვსი დღეა დარჩენილი. რადგან საქართველო მასპინძელია, პირველად ისტორიაში, ჩვენი ქვეყანა ამ დიდი ფორუმზე სამ-სამი გუნდით იასპარეზებს როგორც ვაჟებში, ასევე – ქალებში.

ტურნირის დაწყებას იმედიანად ელოდებიან საქართველოს ქალ და ვაჟ მოჭადრაკეთა მეორე ნაკრებებში. პირველმა არხმა გუნდის წევრებსა და მწვრთნელებს შეჯიბრების დაწყებამდე კომენტარი ჩამოართვა.

მაია ლომინეიშვილი, საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა მეორე ნაკრების კაპიტანი: „ჩვენი შემადგენლობა ერთი თვის წინ გაირკვა და არ გვქონია ფუფუნება, მთელი წელი მოვმზადებულიყავით. ვფიქრობ, ოლიმპიადამდე დარჩენილი ერთი თვე ნაყოფიერად გამოვიყენეთ. დიდი იმედი გვაქვს, ჩვენს მაქსიმუმს ვაჩვენებთ. ჩვენგან სამეულში გასვლას არ ელოდებიან. მაგრამ რეიტინგში მე-13 ვართ და ხუთეულისთვის ვიბრძოლებთ“.

სალომე მელია: „ფედერაციამ დაგვისახა მიზნად, რომ ათეულში მოვხვდეთ. ვფიქრობ, ჩვენი ტიტულებიდან და სტაჟიდან გამომდინარე, გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ ხუთეულისთვის ვიბრძოლოთ. მთავარია, ყველა კარგ ფორმაში ვიყოთ“.

სოფო ხუხაშვილი: „ჩემი აზრით, ოთხეულში მოხვედრა სრულიად რეალური იქნება და უფრო მეტის პრეტენზიაც გვაქვს, რადგან მეორე ნაკრებში ძალიან კარგი მოჭადრაკეები შევიკრიბეთ და გამოცდილებაც გვაქვს. მთავარი გუნდურობაა – მომზადება კი, ასე თუ ისე, შევძელით“.

მირანდა მიქაძე: „ბრძოლა ყველა გუნდთან შეიძლება. ჩვენ საკმაოდ კარგად მომზადებულები და საბრძოლო განწყობით ვართ. ველოდებით ოლიმპიადის დაწყებას“.

ინგა ჭარხალაშვილი: „ამბიციური განცხადება გამომივა, მაგრამ ნებისმიერ გუნდთან შეგვიძლია ბრძოლა, რადგან ანგარიშგასაწევი ნაკრები ვართ. ბევრი ამბიციური გუნდი გამოდის , მაგალითად, საქართველოს პირველი ნაკრები და მას დიდ წარმატებას ვუსურვებ. ვეცდებით, ღირსეულად გამოვიდეთ“.

სოფო გვეტაძე: „ბოლო ტურში ერთმანეთს საქართველოს ორი ნაკრები რომ დაუპირისპირდეს, ეს ქვეყნის დიდი გამარჯვება იქნება, რადგან ყველა შემთხვევაში გამარჯვებული საქართველო დარჩება“.

პარმენ გელაზონია, საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა მეორე ნაკრების მწვრთნელი: „გოგონები მოტივირებულები არიან და ვინც ამ გუნდს არ შეაფასებს, ძალიან მწვავედ დაისჯება, თუნდაც, ტოპ-გუნდები“.

ტურნირისთვის მზადებაზე საქართველოს ვაჟ მოჭადრაკეთა ნაკრების კაპიტანი ლაშა ჯანჯღავა გვესაუბრა: „ვაჟთა მეორე ნაკრების შემადგენლობა ერთი თვის წინ გახდა ცნობილი და აბასთუმანში ერთკვირიანი მომზადება გავიარეთ, რომელიც ძალიან ნაყოფიერი იყო. გუნდში კარგი, საბრძოლო განწყობაა. ვეცდებით, კარგად გამოვიდეთ. მამაკაცებში ბევრი ძლიერი ნაკრებია და ჩვენი მიზანია, ღირსეულად გამოვიდეთ“.