მზადება დევისთან ბრძოლისთვის - ექსკლუზიური ინტერვიუ გიგა ჭიკაძესთან
მზადება დევისთან ბრძოლისთვის - ექსკლუზიური ინტერვიუ გიგა ჭიკაძესთან

როგორც ცნობილია, მომდევნო შაბათს (9 მაისი) აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატი (UFC) გულშემატკივარს უბრუნდება. კვირის განმავლობაში ფლორიდაში, ჯექსონვილის არენაზე 3 ქარდი ჩატარდება. ცნობილი გახდა, რომ 16 მაისის ღონისძიებაზე მორიგ შეხვედრას ქართველი მებრძოლი გიგა ჭიკაძეც გამართავს. მისი მეტოქე კი კარგად ნაცნობი მაიკ დევისი იქნება. ჭიკაძე UFC-ში, კერძოდ კი ქვემსუბუქ წონით დივიზიონში (Featherweight) რიგით მესამე ბრძოლას გამართავს. წინა ორი დაპირისპირება ქართველი ათლეტის გამარჯვებით დასრულდა. პირველი არხი გიგას ამერიკაში დაუკავშირდა და მოახლოებულ პრინცპიპულ დაპირისპრიებასთან დაკავშირებით, რამდენიმე შეკითხვა დაუსვა.

როდის გადაწყდა, რომ შენი მეტოქე იქნება მაიკ დევისი და რამდენად მზად ხარ ამ ბრძოლისთვის? პანდემიის დროს, როგორ პირობებში გიწევს ვარჯიშების გამართვა?

ზოგადად, ძალიან რთული არის ასეთ მძიმე და არაორდინარულ პირობებში სრულფასოვანი ვარჯიშების გამართვა, თუმცა მე ჩემს გუნდთან ერთად მაქსიმუმს ვაკეთებ, რომ ფორმა შევინარჩუნო. ზოგადად, ჩვენი გუნდი ჯექსონვილის სამივე ქარდზე იქნება წარმოდგენილი. 9 მაისს, ჯერ ფაბრიციო ვერდუმი დაუბრუნდება ოქტაგონს, შემდგომ 13 მაისს ჩემი მარვინ ვეტორი გამართავს ბრძოლას. 16 მაისს კი ჩემი და დევისის დაპირისპირება შედგება. მოუთმენლად ველოდები ამ დღეებს. შეძლებისდაგვარად ვახერხებთ ვარჯიშების გამართვას. რა თქმა უნდა, ბევრი ამას ვერ ახერხებს, მაგრამ ჩვენ ვინც მალე უნდა გავიდეთ ოქტაგონზე, მაქსიმალური ხელშეწყობა გვაქვს წვრთნის პროცესთან დაკავშირებით. ძალიან მეხმარებიან მე პირადად ბენეილ დარიუში, მაიკლ პერესი და სხვები. მოკლედ რომ გითხრათ, ყველაფერს ვაკეთებ იმისათვის, რომ დევისთან ბრძოლას ოპტიმალურ ფორმაში შევხვდე.

რამდენ კილოგრამს იწონი ამჟამად და ამ მხრივ რა ვითარება გაქვს?

წონას რაც შეეხება, მე ზოგადად მაღალი აღნაგობის სპორტსმენი ვარ ჩემი დივიზიონისთვის და წონა მალე მემატება. 16 მაისისთვის პირდაპირ გეტყვით, რომ საკმაოდ ბევრი მაქვს დასაკლები, თუმცა ჩემს გუნდთან ერთად ახლა ამაზეც, რა თქმა უნდა მიდის მუშაობა. იოლი წონის კლება მე არასოდეს მაქვს, ეს ყოველთვის სირთულეებთან არის დაკავშირებული ყველა ათლეტისთვის. თუმცა, რა თქმა უნდა ამ ამოცანასაც თავს აუცილებლად კარგად გავართემვთ.

მეტოქეზე რომ გვითხრა შენი აზრი? თქვენი ბრძოლა ადრე უკვე გამართულიყო, ახლა კიდევ ერთხელ დაიგეგმა. როგორ ფიქრობ, რის ხარჯზე მოახერხებ დევისთან უპირატესობის მოპოვებას?

ჩემი ქართველი გულშემატკივრისთვის ეს უკვე კარგად ნაცნობი მებრძოლია. როგორც აღნიშნეთ, ჩემი და დევისის ბრძოლა ადრეც დაიგეგმა, თუმცა გაუგებარი მიზეზების გამო მან ორჯერ უარი თქვა ჩემთან ბრძოლაზე. კარგად ვიცნობ მის სტილს, ეს მებრძოლი საფუძვლიანად მყავს შესწავლილი. ვიცი მისი სუსტი მხარეები. როგორც ვიცი, დევისი ამჟამად „ამერიკენ ტოპ თიმში“ (american top team) ემზადება 16 მაისისთვის. მისი ერთ-ერთი სპარინგ პარტნიორი არის ედსონ ბარბოსა, რომელმაც სხვათაშორის წონა შეიცვალა და მსუბუქი დივიზიონიდან (lightweight) ჩვენთან გადმოვიდა.