მწვრთნელი კვარაცხელიას ესაუბრა - ლეგიონერებთან წასვლის საკითხი განვიხილეთ და შევთანხმდით #1TVSPORT
რა ბედი ელის ხვიჩა კვარაცხელიას და დატოვებს თუ არა საომარი ქმედებების გამო რუსეთს, რომელიც ფიფა-მ და უეფა-მ ფაქტობრივად უფეხბურთოდ დატოვა, – ამის შესახებ ყაზანის „რუბინის“ ოფიციალურ ვებგვერდზე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ლეონიდ სლუცკიმ ისაუბრა.
„რუბინის“ მწვრთნელმა კომენტარი გააკეთა პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციების საერთაშორისო ფედერაციის (FIFPro) ინიციატივაზე – ორგანიზაციამ ფიფა-ს მიმართა, რომ რუსეთის პრემიერლიგაში მოთამაშე ლეგიონერებს რუსულ კლუბებთან კონტრაქტების ჯარიმის გადახდის გარეშე გაწყვეტის უფლება მიეცეთ.
თუ ეს წესი ამოქმედდება, ცხადია, რუსეთში მოთამაშე ქართველი ფეხბურთელები გუნდებს თავისუფალი აგენტების სტატუსით დატოვებენ, მათ შორის ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც ყაზანის „რუბინის“ ფეხბურთელია. როგორც ჩანს, ეს რეალობას მოკლებული არ უნდა იყოს, რაც სლუცკის განცხადების პესიმისტური ტონიდანაც იგრძნობა.
„აპირებენ თუ არა ლეგიონერები გუნდიდან წასვლას? ჩვენ ამ საკითხთან დაკავშირებით მათთან ერთად შევიკრიბეთ, საკითხი განვიხილეთ და შევთანხმდით, სანამ ვითარება ამის შესაძლებლობას მოგვცემს, ერთად ვიქნებით და მუშაობას ერთად გავაგრძელებთ“, – განაცხადა სლუცკიმ კლუბის ოფიციალური ვებგვერდთან ინტერვიუში.
შეგახსენებთ, რომ ყაზანის „რუბინს“ ქართველი ფეხბურთელით დაინტერესებული არაერთი კლუბი დაუკავშირდა, მაგრამ ყველა ეს მოლაპარაკება შეჩერდა – მიზეზი კლუბის დასახელებული თანხა გახდა, ევროპული გუნდებისთვის რუსული ლიგიდან მოთამაშის 20 მილიონ ევროდ შეძენა მიუღებელი იყო.
თუ ფიფა FIFPro-ს წინადადებას დათანხმდება, ხვიჩა კვარაცხელია ევროპაში თავისუფალი აგენტს სტატუსით ახალ გუნდს ევროპაში უპრობლემოდ მოძებნის.