მწვრთნელები და ისტორია | ვინ შეცვლის ვლადიმირ ვაისს - საქართველოს ნაკრები მე-15 მწვრთნელის მოლოდინშია (ვიდეო)
მწვრთნელები და ისტორია | ვინ შეცვლის ვლადიმირ ვაისს - საქართველოს ნაკრები მე-15 მწვრთნელის მოლოდინშია (ვიდეო)

ერთა ლიგის გათამაშების ბოლო შეხვედრამდე ვლადიმირ ვაისი საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გადადგა – მას შემდეგ „ჯვაროსნებისთვის“ ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობა ახალ მწვრთნელს ეძებს.

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ჩამოყალიბდა. გუნდის ისტორია 1990 წელს იწყება, როცა პირველი მატჩი ლიეტუვასთან გამართა, რადგანაც პირველად ქართული მხარის მიწვევას სწორედ ამ ქვეყნის ფეხბურთის ფედერაცია გამოეხმაურა. ეს მატჩი 1990 წლის 27 მაისს ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო-არენაზე“ გაიმართა და 2:2 დასრულდა.

30-წლიან ისტორიაში საქართველოს ნაკრები 64 ქვეყნის ეროვნულ გუნდს შეხვედა, 249 მატჩი ჩაატარა, 75 მოიგო, 54 ფრედ დაასრულა, 120 წააგო, ბურთების შეფარდებაა 285:351.

ჩვენს ნაკრებს, არსებობის ისტორიაში 22 მწვრთნელი ხელმძღვანელობდა, მათგან 8 დროებითი ვადით დაინიშნა.

 

დროებითი მწვრთნელები

ნაკრების პირველმა მწვრთნელმა გივი ნოდიამ გუნდს მხოლოდ ლიეტუვასთან ისტირიულ შეხვედრაში უხელმძღვანელა, ვოვა გუცაევს ორჯერ სთხოვეს გუნდის დროებით გაწვრთნა. აღსანიშნავია, რომ ლამის წელიწადნახევარი ნაკრები მთავარი მწვრთნელის გარეშე იყო – ასე იყო 2003-2004 წლებში, როდესაც გუნდი მოედანზე ხორვატმა ივო შუშაკმა, ახალგაზრდული ნაკრების დამრიგებელმა გოჩა ტყებუჩავამ და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა მერაბ ჟორდანიამ გაიყვანეს. რაც ყველაზე საინტერესოა, ჟორდანიასთან ერთად, მწვრთნელი ნაკრების მოქმედი ფეხბურთელი, მიხეილ ყაველაშვილი იყო. ბოლოს, 2020 წელს ნაკრებს რამაზ სვანაძემ უხელმძღვანელა, როდესაც ვლადიმირ ვაისი გადადგა.

რეკორდსმენი ჩივაძე

შედარებით ხანგრძლივი ვადით 14 სპეციალისტი დაინიშნა. ყველაზე დიდი ხნით, პაუზების გარეშე, ნაკრებს თემურ ქეცბაია (2009-2014) და ვლადიმირ ვაისი (2016-2020) თავკაცობდნენ. თუმცა, წლების მიხედვით, რეკორდსმენი ალექსანდრე ჩივაძეა, რომელმაც გუნდი ორჯერ ჩაიბარა – 1993-1996 და 2001-2003 წლებში და მთავარი მწვრთნელის სტატუსით ჯამში 7 წელი იმუშავა.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელად საშუალოდ 2,1 წელი მუშაობდა და გუნდს 17,7 შეხვედრაში ხელმძღვანელობდა. სულ ნაკრებში რვა ქართველმა და ხუთმა უცხოელმა იმუშავა. უცხოელებიდან იყვნენ ნიდერლანდელი, ფრანგი, გერმანელი, არგენტინელი და სლოვაკი.

საინტერესო ფაქტია: გერმანიის ნაკრები 1908 წელს ჩამოყალიბდა. გუნდს 18 წელი გერმანიის საფეხბურთო კავშირის კომიტეტი ხელმძღვანელობდა, მთავარი მწვრთნელის დანიშვნა კი 1926 წლიდან დაიწყეს და სულ ამ 94 წლის განმავლობაში 10 მწვრთნელი ჰყავდათ, ანუ ერთი სპეციალისტი საშუალოდ გუნდს 9,4 წელი ხელმძღვანელობდა.

საქართველოს ნაკრები კი მე-15 მთავარი მწვრთნელის მოლოდინშია და ჯერ მისი ვინაობა უცნობია. თუმცა, დიდი ალბათობით, ისიც უცხოელი იქნება.

 

 

დატოვე კომენტარი