მწერალთა სახლში გიორგი ქინქლაძისადმი მიძღვნილი წიგნის, „მუსიკა ქარში“, პრეზენტაცია გაიმართა #1TVSPORT
დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის გამორჩეულ ტალანტს, გიორგი ქინქლაძეს ეძღვნება ცნობილი სპორტული ჟურნალისტის, კოტე გოგიშვილის წიგნი, „მუსიკა ქარში“, რომლის პრეზენტაციაც მწერალთა სახლში გაიმართა.
სპორტული ჟურნალისტების გარდა, პრეზენტაციას ავტორის მეგობრები, ვეტერანი ფეხბურთელები და ქინქლაძის კლუბების, „მრეტებისა“ და თბილისის „დინამოს“ ყოფილი წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შოთა არველაძე: „ გიორგი ქინქლაძე დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის უდიდესი მოვლენა იყო, ამაზე ერთი ფაქტიც მეტყველებს – 1992 წელს, როდესაც გიო „მრეტებიდან“ თბილისის „დინამოში“ გადაიყვანეს, ამ ტრანსფერში მილიონი მანეთი გადაიხადეს. ეს კი იმ დროისთვის წარმოუდგენელი თანხა – დაახლოებით 200 ათასი დოლარი იყო“.
კოტე გოგიშვილი: „ინსპირაციის წყარო გიორგი ქინქლაძის ფეხბურთი და ის დაუკმაყოფილებლობის გრძნობა იყო, რომელიც მთელ საფეხბურთო სამყაროს გიორგის მიმართ გააჩნია. ის იყო მოვლენა, რომელმაც 2-3 წელიწადში მოასწრო და გახდა „მანჩესტერ სიტისა“ და ქართული ფეხბურთის დაუვიწყარი ვარსკვლავი.
საერთოდ, მომწონს ასეთი ადამიანები, რომლებიც არ გვანან სხვებს. რა თქმა უნდა, ბევრს შევეკითხე, ბევრს ვესაუბრე და ამის საფუძველზე შევეცადე, ყველაფერი ამ წიგნში გამომეხატა.
„მუსიკა ქარში“? ესაა რეზო ჭეიშვილის „ლურჯი ფრინველის“ სამუშაო სახელი და ჟურნალისტიკაში ჩემმა მასწავლებელმა, ირაკლი ბერიაშვილმა თავისი სტატიის სათაურად გამოიყენა – ქინქლაძის ნიჭიც ასე გაიბნა დროსა და სივრცეში, ამიტომაც შევარჩიე ეს სათაური“, – თქვა კოტე გოგიშვილმა.