მურთაზ ხურცილავა - კონტრაქტს მთავაზობდნენ „რეალთან“, „ბარსელონასთან“ და „ატლეტიკოსთან“, ჯერ ამხელა თანხა არ გადაუხდიათო #1TVSPORT
მურთაზ ხურცილავა - კონტრაქტს მთავაზობდნენ „რეალთან“, „ბარსელონასთან“ და „ატლეტიკოსთან“, ჯერ ამხელა თანხა არ გადაუხდიათო #1TVSPORT

ვეტერანმა ფეხბურთელებმა, რევაზ ძოძუაშვილმა და მურთაზ ხურცილავამ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ საბჭოთა პერიოდში არსებული ფინანსური პირობები და უცხოეთიდან შემოთავაზებები გაიხსენეს.

სწორედ ამ დროს ახსენა მურთაზ ხურცილავამ, რომ მას სამი ესპანური გრანდი იწვევდა – „რეალიდან“, „ბარსელონადან“ და მადრიდის „ატლეტიკოდან“.

რევაზ ძოძუაშვილი: „უფულოდ თამაშს მიგვაჩვიეს. (იცინის) ვინმეს თუ დაუვარდა, ფულის აღების ახლაც მეშინია. ვოვას დროს უფრო გათამამდნენ, მგონი საბჭოთა კავშირს მაშინ შლიდნენ“.

მურთაზ ხურცილავა: „მაგრამ სიყვარული იყო. წინადადებები? ესპანეთიდან იყო, მათ ნაკრებთან 0:0 რომ ვითამაშეთ. სამი ხელშეკრულება მომიტანეს – ჯერ მსოფლიოში ამხელა თანხა არც ერთ ფეხბურთელში არ გადაუხდიათო“.

რომელი კლუბიდან იყო მიწვევები? ქართული ფეხბურთის ლეგენდამ ესეც დააკონკრეტა: „რომელი გუნდებიდან? „რეალიდან“, „ბარსელონადან“ და მადრიდის „ატლეტიკოდან“. მაგრამ დარჩენა თავში როგორ მოგვივიდოდა. ბევრთან მივიდნენ, რეზოსთან მაგალითად“.

რევაზ ძოძუაშვილი: „ეს მეც კარგად მახსოვს. მაშინ „პუმას“ წარმომადგენლები მოვიდნენ. მაგრამ დარჩენა და ევროპულ კომპანიასთან კონტრაქტის გაფორმება გამორიცხული იყო. დაემშვიდობებოდი ყველაფერს“.

მურთაზ ხურცილავა: „მე ისეთი დამოკიდებულება, როგორც „დინამოს“ მიმართ იყო, არც ერთი საბჭოთა გუნდის მიმართ არ მახსენდება. ჩვენ თამაშებზე ერთი პრობლემა იყო, სტადიონზე როგორ მოხვედრილიყვნენ. მაშინ გულშემატკივრები 24 საათი მოსვენებას არ გვაძლევდნენ. მაგრამ კაპიკებზე ვთამაშობდით“.