„მუნდო დეპორტივოს“ ცნობით, მადრიდის „რეალსა“ და ვინისიუსს შორის ახალი კონტრაქტის შესახებ მოლაპარაკება შეჩერებულია #1TVSPORT
მადრიდის „რეალსა“ და ბრაზილიელ თავდამსხმელს, ვინისიუს ჟუნიორს შორის ახალი კონტრაქტის შესახებ მოლაპარაკება შეჩერებულია და, შესაძლოა, სამხრეთამერიკელმა ესპანური გრანდი დატოვოს, – ინფორმაციას გამოცემა „მუნდო დეპორტივო“ ავრცელებს.
როგორც „მუნდო დეპორტივო“ წერს, კონტრაქტის განახლებასთან დაკავშირებული შეფერხების მიზეზი კილიან მბაპეს მაღალი ანაზღაურებაა. ვინისიუსი ითხოვს ისეთივე ხელფასს, როგორსაც ფრანგი ვარსკვლავი იღებს, თუმცა ფლორენტინო პერესი ამ მოთხოვნაზე უარს ამბობს. ამჟამად მბაპე „რეალში“ ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშეა.
მიუხედავად იმისა, რომ ვინისიუსის კონტრაქტში გაწერილია ერთმილიარდდოლარიანი გამოსასყიდი თანხა, კლუბი მზად არის, სატრანსფერო შეთავაზებები განიხილოს. ბრაზილიელს მოქმედი ხელშეკრულება „რეალთან“ 2027 წლამდე აკავშირებს.
ვინისიუსი „რეალში“ 2018 წლიდან თამაშობს. გასულ სეზონში მან 58 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, 22 გოლი გაიტანა და 19 საგოლე გადაცემა შეასრულა.