მუნდიალის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ფეხბურთელებსა და სამწვრთნელო შტაბის წევრებს თვითიზოლაციაში ყოფნა დაავალა #1TVSPORT
ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული გუნდის ასპარეზობას საფრთხე ემუქრება.
ამის მიზეზი ამ აფრიკულ სახელმწიფოში გავრცელებული ებოლას ეპიდემიაა. მუნდიალის დაწყებამდე (პირველი შეხვედრაც 11 ივნისს გაიმართება) მცირე ხნით ადრე ტურნირის ორგანიზატორებსა და შეერთებულ შტატებს ახალი, ეპიდემიოლოგიური გამოწვევის მოგვარება უწევთ.
თეთრი სახლის მუნდიალის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა, ენდრიუ ჯულიანმა, ფეხბურთელებსა და სამწვრთნელო შტაბის წევრებს მკაცრი იზოლაციის გავლა მოსთხოვა.
მისი განცხადებით, მათ კონგოს მხარეს მკაფიოდ განუმარტეს, რომ 11 ივნისს ჰიუსტონში ჩაფრენამდე ნაკრებმა 21-დღიანი თვითიზოლაციის რეჟიმი უნდა დაიცვას, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ აშშ-ში არ შეუშვებენ. ჯულიანის თქმით, დელეგაციასთან შეერთების მსურველი ნებისმიერი ახალი პირი გუნდისგან განცალკევებით უნდა დარჩეს, რადგან ჩასვლის შემდეგ ვინმეს ინფექციის სიმპტომები რომ გამოუვლინდეს, საფრთხე ყველას დაემუქრება.
აღსანიშნავია, რომ შეერთებულმა შტატებმა საზღვარი უკვე ჩაკეტა ყველა იმ პირებისთვის, ვინც გასული 21 დღის მანძილზე კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, უგანდასა თუ სამხრეთ სუდანში იმყოფებოდა.
ამჟამად კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ნაკრები ბელგიაში გადის მოსამზადებელ ეტაპს, თუმცა, უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე, მხოლოდ ეს ფაქტი არ კმარა. შეგახსენებთ, რომ მსოფლიო პირველობის ჯგუფურ ეტაპზე კონგოელთა მეტოქეები პორტუგალიის, კოლუმბიისა და უზბეკეთის გუნდები იქნებიან.