მუმბაიში კედლის ჩამონგრევას 13 ადამიანი ემსხვერპლა
მუმბაიში კედლის ჩამონგრევას 13 ადამიანი ემსხვერპლა

ინდოეთის ქალაქ მუმბაიში ძლიერი წვიმის შედეგად კედელი ჩამოინგრა, რასაც 13 ადამიანი ემსხვერპლა. როგორც სააგენტო „როიტერი“ სამაშველო სამსახურებზე დაყრდნობით წერს, ინციდენტი ქალაქის დასავლეთით მდებარე გარეუბანში მოხდა. ადგილზე სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. მაშველებმა ამ დროისთვის ნანგრევებიდან 10 ადამიანის ამოყვანა შეძლეს.

ინდოეთის ფინანსურ დედაქალაქ მუმბაისა და ამის შემოგარენში ორი დღის განმავლობაში ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა. შეფერხებულია სარკინიგზო მიმოსვლა. მუმბაის საერთაშორისო აეროპორტში გაუქმდა ავიარეისები.

მუმბაის დასავლეთით მდებარე ქალაქ პუნაში 29 ივნისს ასევე კედლის ჩამონგრევას 15 ადამიანი ემსხვერპლა.